logo_geo
კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი ქვეყნები - რა მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში
- +

16 მარტი. 2020. 18:19

 

 

ახალი ტიპის კორონავირუსის, covid-19-ის შემთხვევები მსოფლიოს 141 ქვეყანაშია გამოვლენილი და მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ყველაზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის რუსეთშია გამოვლენილი, მას მოსდევს საქართველო, შემდეგ სომხეთი, აზერბაიჯანი და ბოლოს თურქეთი.

 

რუსეთი:

 

რუსეთში ბოლო, ოფიციალური მონაცემებით 63 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, მათ შორის 8 გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები. ასევე, როგორც ვიცით, 16 მარტიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარიც დაიკეტა და მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა.

 

რუსეთის ხელისუფლებამ სასწავლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. ადამიანები საკვებ პროდუქტს იმარაგებენ, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, რუსეთში ისეთი პანიკა არაა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ქუჩაში კი საზოგადოების ნაწილი პირბადით დადის.

 

სომხეთი

 

მეზობელ სომხეთში COVID-19-ით 28 ადამიანია დაინფიცირებული. ჯერჯერობით, არ ჰყავთ გამოჯანმრთელებული პაციენტი, არც გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება და 28-ვე შემთხვევა ამ ეტაპზე აქტიურია,

 

ხელისუფლებამ სკოლების, უნივერსიტეტებისა და ბაღების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანამ შეაჩერა საერთაშორისო ფრენები და ჩაკეტა საზღვრები, მათ შორის, საქართველოსთან. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა, ანა აკობიანმა და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

 

აზერბაიჯანი

 

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 25 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 6 გამოჯანმრთელდა. როგორც თურქული სააგენტო, „ანადოლუ“ წერს, გარდაცვლილი 51 წლის ქალია, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

 

გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ხელისუფლებამ აკრძალა საქორწინო წვეულებები და თავყრილობები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს. ჩაიკეტა საზღვარი საქართველოსთან და გადაიდო სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

 

თურქეთი

 

რაც შეეხება თურქეთს, ჩვენს სამეზობლოში ყველაზე ნაკლები ადამიანი კორონავირუსით, ოფიციალური მონაცემებით, სწორედ თურქეთშია დაინფიცირებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 დადასტურებული შემთხვევაა და ყველა მათგანი აქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ გარდაცვლილა და ჯერჯერობით არც გამოჯანმრთელების შემთხვევაა.

 

თურქეთში ვირუსის ყველაზე ნაკლებ შემთხვევას იმ განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებებით ხსნიან, რომელიც ქვეყანამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისთანავე მიიღო. საუბრობენ იმაზეც, რომ თურქეთში, ისევე, როგორც რუსეთში, უფრო მეტი შემთხვევაა დაინფიცირების, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია, თუმცა ამას დადასტურებულად ვერავინ ამბობს.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება - სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები. გადაიდო ყველა ხალხმრავალი ღონისძიება და საერთაშორისო ვიზიტები. მუდმივად ტარდება დეზინფექცია ქუჩებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოს 141 ქვეყანა ებრძვის. ვირუსით სულ 170 027 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 77 778 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 524 გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი