logo_geo
„ნუ იქნებით პანიკაში, დარჩით სახლში“ — ამერიკელი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა!
- +

20 მარტი. 2020. 20:11

 

 

ამერიკელ ქალს, რომელიც ახალი კორონა ვირუსისგან განიკურნა, შეშფოთებული ადამიანებისთვის ერთი მარტივი გზავნილი აქვს — ნუ იქნებით პანიკაში, იფიქრეთ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ხალხზე და დარჩით სახლში, თუ თავს ცუდად გრძნობთ.

 

37 წლის ელიზაბეთ შნაიდერი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ცხოვრობს. აქვს დოქტორის ხარისხი ბიოინჟინერიაში. მისი თქმით, საკუთარი ამბის გასაჯაროება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ხალხს ცოტა მეტი იმედი მისცეს. მას კორონავირუსი ზომიერი ფორმებით ჰქონდა და საკუთარ თავს თავად მკურნალობდა სახლში.

 

თუმცა, ის იქვე აღნიშნავს, რომ ასე მოქცევა მთლად უსაფრთხო არ არის, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს, ძირითადად ხანდაზმულებს, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ.

 

ჩინეთის მონაცემებით ცნობილია, რომ შემთხვევების 80 პროცენტი მსუბუქია, დანარჩენი შემთხვევები კი, ძირითადად 60 წელს გადაცილებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, მძიმეა და მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას.

 

25 თებერვალს ელიზაბეთ შნაიდერს გრიპის მსგავსი სიმპტომები დაეწყო. სამი დღით ადრე ის წვეულებაზე იყო და როგორც შემდეგ გაირკვა, მის გარდა იქ ხუთი სხვა ადამიანიც დაინფიცირდა.

 

„გაღვიძებისას დაღლილობას ვგრძნობდი, მაგრამ ეს შეგრძნება დიდად არ განსხვავდებოდა იმ განცდისგან, როცა დილით ადრე უნდა ადგე და სამსახურში წახვიდე, ყურადღება დიდად არ მივაქციე, რადგან ძალიან დატვირთული უქმეები მქონდა და ამას დავაბრალე“, — ამბობს ელიზაბეთი.

 

თუმცა, შუადღისას მან თავის ტკივილი იგრძნო, აუწია ტემპერატურამაც და სხეულში მტვრევის შეგრძნებაც გაუძლიერდა. ამის გამო, ბიოტექნოლოგიური კომპანიიდან, სადაც ის მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს, დაუყოვნებლივ სახლში წავიდა.

 

შინ მისულს ჩაეძინა და გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ ჰქონდა 39,4 გრადუსი სიცხე.

 

„ამის შემდეგ დამაწყებინა უკონტროლო კანკალი, მამცივნებდა და კიდურებში მამტვრევდა, ცოტა არ იყოს, შემეშინდა“, — ამბობს იგი.

 

ამის შემდეგ, სიმპტომების მოსახსნელად მან გრიპის საწინააღმდეგო საშუალებები დალია მეგობარს დაურეკა, მზად ყოფილიყო იმ შემთხვევისთვის, რომ მას შეიძლება საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირვებოდა. მომდევნო დღეებში სიცხემ დაწევა დაიწყო.

 

ამ დროს მან ახალ ამბებში ახალი კორონავირუსის შესახებ გაიგო, რომლებიც ვაშინგტონის შტატში იანვრის ბოლოს ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ იუწყებოდა.

 

იმის გამო, რომ მას არ აღენიშნებოდა ამ ვირუსის ზოგადი სიმპტომები — ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, იფიქრა, რომ ეს უდავოდ იმას ნიშნავდა, რომ მას კორონავირუსი არ ჰქონდა.

 

გრიპზე ის უკვე აცრილი იყო და ფიქრობდა, რომ ალბათ ამ ვირუსის განსხვავებული შტამი შეხვდა. ამიტომ, ექიმს მიაკითხა, რომელმაც სახლში დარჩენა, დასვენება და ბევრი სითხის მიღება ურჩია.

 

რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრის ფეისბუქ პოსტში აღმოაჩინა, რომ იმავე წვეულებაზე მყოფ რამდენიმე ადამიანს მსგავსი სიმპტომები განუვითარდა, რამაც ელიზაბეთი უფრო დააეჭვა.

 

რამდენიმე ეს ადამიანი ექიმს ესტუმრა, სადაც გრიპის ვირუსი არ დაუდასტურდათ, მაგრამ არც კორონა ვირუსზე ტესტირება შესთავაზეს, რადგან არც ერთ მათგანს ხველება ან სუნთქვის უკმარისობა არ აღენიშნებოდა.

 

ელიზაბეთს მიაჩნდა, რომ ტესტში მასაც იგივე პასუხი ამოუვიდოდა და პასუხის მიღების იმედით, გადაწყვიტა ჩართულიყო სიეტლის გრიპის კვლევის პროგრამაში. მკვლევართა ჯგუფმა მისი ცხვირის ნაცხი ლაბორატორიაში გაგზავნა და უთხრეს, რომ პასუხი რამდენიმე დღეში გახდებოდა ცნობილი.

 

„ბოლოსდაბოლოს, ერთ-ერთმა მკვლევარმა დამირეკა (7 მარტს) და მითხრა, რომ მე ჩOVID-19-ით ვიყავი ინფიცირებული. ცოტა არ იყოს, სასიამოვნოდ გამიკვირდა და დამეუფლა განცდა, რომ ეს გარკვეულწილად მაგარიც კი იყო“, — ამბობს შნაიდერი და აღიარებს, რომ ის მაშინაც იცინოდა, როცა ამ ამბის გაგების შემდეგ დედამისმა ტირილი დაიწყო.

 

„მერწმუნეთ, ასე არ მოვიქცეოდი, შეუძლოდ რომ ვყოფილიყავი. მეცნიერული ცნობისმოყვარეობის თვალსაზრისით, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან საინტერესო იყო“, — ამბობს ელიზაბეთი.

 

თანდათან მას სიმპტომები გაუქრა, მაგრამ ჯანდაცვის ადგილობრივმა უწყებამ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში სახლში ყოფნა დაავალა.

 

ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მას დაავადება აღარ დაუდასტურდა და გარეთ გასვლაც დაიწყო, მაგრამ მაინც თავს არიდებს დიდ თავყრილობებს და მუშაობს სახლიდან განაგრძობს.

 

შნაიდერი იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი, რომელიც სავარაუდოდ ტიპურია ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილისთვის, სხვებს დაეხმარება.

 

„ნუ მიეცემით პანიკას. თუ ფიქრობთ, რომ კორონავირუსი გაქვთ, ალბათ მართლაც გექნებათ; აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტირება“, — ამბობს შნაიდერი.

 

„თუკი თქვენი სიმპტომები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, უბრალოდ დარჩით სახლში, მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული საშუალებები, დალიეთ ბევრი სითხე, დაისვენეთ და უყურეთ ყველა იმ ფილმს, რომელთა ნახვასაც სხვა დროს ვერ ახერხებდით“, — ამბობს 37 წლის ელიზაბეთ შნაიდერი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.

 

მომზადებულია  AFP-ის მიხედვით.

 

ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი