logo_geo
თავი საშინელებათა ფილმში მგონია… – რას ჰყვება ქართველი სტუდენტი გერმანიიდან
- +

7 აპრილი. 2020. 13:21

 

 

ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, პანდემიას ებრძვის გერმანიაც.

 

 

რა ხდება გერმანიაში, როგორ უწევთ გამკლავება ვირუსთან იქ მყოფ ქართველებს, შეცვლილი მდგომარეობა და შედეგები?

 

 

„პრაიმტაიმს“ ფრანკფურტიდან სოფო კორტავას ესაუბრა.

 

 

ქართველი ჟურნალისტი და სტუდენტი ამჟამად გერმანიაში სასწავლო პროგრამით იმყოფება.

 

 

– მაშინ როცა იტალიაში, ესპანეთსა და ჩინეთში სავალალო მდგომარეობა იყო, გერმანიაში საკამაოდ მშვიდად იყვნენ.

 

 

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ინფიცირებულთა რიცხვმა ყოველდღიური მატება დაიწყო.

 

 

თითქმის ყოველ დღე 700 ადამიანი ემატებოდა, რომ ამ ფაქტმა ადამიანებში შიში გამოიწვია.

 

 

გერმანელები არ გამოირჩევიან ემოციებით, მაგრამ როგორც ჩანს ინფიცირებულთა ზრდამ თავისი შედეგი გამოიღო, თითქმის სამი კვირაზე მეტია ქვეყანა საყოველთაო მოწოდებას „სთეი ჰოუმს“ შეუერთდა.

 

 

გადაწყვეტილება და ერთგვარი მხარდაჭერა ისევე როგორც მთავრობამ ასევე დამსაქმებლებმაც მიიღეს, კომპანიებმა და ხელისუფლებამ, რომლებიც ვალდებულნი არიან ამ დროს ადამიანები დაიცვან.

 

 

– რამდენი წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობთ, რა შეცვალა პანდემიამ თქვენს „გერმანულ“ ყოფა–ცხოვრებაში, ზოგადად რა პრობლემები შექმნა პანდემიამ თქვენთვის, ვგულისხმობ სამსახურეობრივს?

 

 

– გერმანიაში მეოთხე წელია ვცხოვრობ, ამჟამად ვიმყოფები ფრანკფურტში, სადაც სასწავლო პროგრამაში ვარ ჩართული, ვეუფლები ტურიზმის მიმართულებას, კერძოდ, ვსწავლობ სასტუმროს მოდელირებასა და სტრუქტურას.

 

 

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ტურისტების რაოდენობა მაინც შეინიშნებოდა. თუმცა, დამსაქმებელმა კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დროებით მუშაობა შეგვეწყვიტა,.

 

 

ვიცი ქართველები, რომლებსაც ასეთ მძიმე ვითარებაში მუშაობა მაინც უწევთ და კომპანია არ აძლევს სახლში დარჩენის უფლებას.

 

 

გერმანია ბიუროკრატიული ქვეყანაა და უამრავ დაბრკოლებასთან გიწევს შეჯახება.

 

 

ის რომ თვითიზოლაცია გსურდეს, თუ სამსახურმა ხელი არ შეგიწყო, არაფერი გამოგივა, ვერავინ ეტყვის დამსაქმებელს სახლში მინდა დავრჩეო.

 

 

დიდი ალბათობაა არსებული კონტრაქტი გაგიუქმდეს, რაც იმ წამსვე ვიზის დაკარგვას და ქვეყნის დატოვების რიგში დგომას ნიშნავს.

 

 

– ამ ყველაფერმა კომუნიკაციის პრობლემა ხომ არ შეგიქმნა ოჯახთან, რომელიც საქართველოში გყავს?

 

 

– მე პირადად გამიმართლა, რომ ჩემი დამსაქმებელი კომპანია მეხმარება ის წესები დავიცვა, რაც აუცილებელია.

 

 

თუმცა არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული საქმეები, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ვერ მოგვარდება, მაგალითად, საბანკო სისტემა, მუდმივ კონტაქტზე ვარ დედასთან, რომელიც საქართველოში უმუშევარია და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ერთად ვზრუნავთ.

 

 

არ შეცვლილა გადარიცხვის სერვისით მომსახურება, გზავნილების გაგზავნა ისევ ისე არის შესაძლებელია როგორც მაშინ.

 

 

– რამდენად იცავენ გერმანელები იზოლაციის წესებს და ზოგადად პანდემიამ რა შესცვალა  თქვენს , როგორც სტუდენტების ცხოვრებაში?

 

 

– თვითშეგნების ამბავია, რომ თუ ყველა სახლში რჩება შენც, უნდა დარჩე.

 

 

აქ მარტო შენი ჯანმრთელობა არ დგას წინ, შენ ამით სხვებზეც ზრუნავ.

 

 

გერმანიაში ცოტა რთულია ეს პროცესი, ნაწილი მუშაობს ან უწევს მუშაობა, იმიტომ რომ გასამრჯელო აიღოს.

 

 

როგორც ვიცი ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროგრამის მონაწილეები ანაზღაურების გარეშე დავრჩებით.

 

 

თუმცა, არიან სტუდენტები რომლებიც უნივერსიტეტებში სწავლობენ და თავს დამატებითი სამსახურებით ირჩენენ, როგორიცაა მაგალითად: ძიძა, საოჯახო საქმეების დამხმარე და ისეთი ტიპიური სამუშაოები, რომლებიც თავის გატანაში გეხმარება.

 

 

წარმოიდგინეთ, ახლა უცებ ერთ წამში სამყარო შეიცვალა, დარჩი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რა უნდა ქნა ასეთ დროს?

 

 

ნაწილს დანაზოგი აქვს და ნაწილი კიდევ უკან დაბრუნებას ამჯობინებს, რადგან უამრავი ვალდებულება გაქვს.

 

 

ბევრმა კომპანიამ, ამ პერიოდით „ისარგებლა“ და ის სტუდენტებს, რომლებიც გამოსაცდელ ვადაზე ჰყავდა, კონტრაქტი შეუწყვიტა.

 

 

ასეთ დროს გეძლევა კიდევ შანსი სხვა დამსაქმებელი იპოვო, თუმცა სიტუაცია ერთ გაჩერებულ მატარებელს ჰგავს, რომლის დაძვრაც არავინ იცის როდის იქნება.

 

 

– რა ობიექტებია დაკეტილი ამ დროისთვის?

 

 

– სასურსათე მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა სხვა დანიშნულების ობიექტები დაკეტილია.

 

 

დაწესებულია ბარიერები კონკრეტული მოთხოვნადი პროდუქტის ყიდვისას, რადგან ყველას შეხვდეს.

 

 

ხალხის მოძრაობას რაც შეეხება, ხალხმრავლობა მაინც არის, სკვერებსა და ბაღებში. რაც ჩემი აზრით თბილ ამინდებს უკავშირდება.

 

 

კომპანიების უმრავლესობა მუშაობის ნახევარ განაკვეთზე გადავიდა, რაც ავტომატურად განახევრებულ ხელფასსაც ნიშნავს, ეს ეხება სტუდენტების გარდა ყველა თანამშრომელს.

 

 

ჩვენ რა ბედი გვეწევა არ ვიცით, ამაზე საუბარი ჯერ არ არის.

 

 

კიდევ თითქმის ერთი თვე მიწევს თვითიზოლაციაში ყოფნა და შემდეგ უკვე სამსახურეობრივ მოვალეობას უნდა შევუდგე.

 

 

რაც შეეხება სასწავლო მასალებს, აქაც აპრობირებული მეთოდი მუშაობს.

 

 

სირთულეები უცხოელი სტუდენტებისთვის ძირითადად ენის ბარიერს უკავშირდება, მაგრამ შესაბამისი საგნის პედაგოგები ონლაინ რეჟიმში აქტიურად გვეხმარებიან.

 

 

– აპირებთ ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნებას?

 

 

– ამ ეტაპზე არასწორი მგონია საქართველოში დაბრუნება. პრობლემები არ შემქმნია. ასე თუ ისე ფინანსურად მყარად ვდგავარ.

 

 

არის მეორე ფაქტორი – იმდენად რთულია აქ რაღაცას მიაღწიო , რომ ერთი ხელისმოსმით „ნახვამდის“  თქმა არ შემიძლია, იმაზე რაც აქამდე მოვიტანე.

 

 

ქვეყანაში ვრჩები, რომლის მდგომარეობაც არანაკლებ მტკივნეულია ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოსი.

 

 

ის , რომ დღეს მე პურს ვჭამ უკავშირდება ამ ქვეყანას, რომელმაც გამიღო კარი და შანსი მომცა ევროპულ განათლებას დავეუფლო.

 

 

მართალია ჩემი შრომა იხარჯება, ნერვები, ათასი გათენებული ღამე. ურთულესი ქვეყანაა ენითა და წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს ამად.

 

 

სულ ვამბობ გვინდა თუ არ გვინდა დღეს ყველა გზა მიდის ფულამდე.

 

 

ყველა ჩვენგანის მიზანი წარმატებულ კარიერასთან ერთად, უზრუნველყოფილი ფინანსური მდგომარეობაა.

 

 

თავი საშინელებათა ფილმში მგონია , რომელსაც დასასრული არ აქვს.

 

 

ორმაგად მძიმეა ეს ყველაფერი, ქვეყნიდან შორს როცა ხდება, ოჯახისა და მეგობრებისგან 4 ათას კილომეტრს იქით, მაგრამ ამ ბარიერსაც გადავლახავთ .

 

 

დაკავებული ვარ სასწავლო მასალებით, ვემზადები მართვის მოწმობის ასაღებად.

 

 

არ არსებობს მუდმივი არაფერი. მეორე მხრივ საინტერესო პერიოდია, რაღაცნაირად გამოცდის მსგავსი: ვინ რას ვიზამთ, როგორ მოვიქცევით და რას მივანიჭებთ უპირატესობას, დაკვირვების პერიოდი გვაქვს.

 

 

როცა ყველაფერი დასრულდება, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს არასდროს გავიხსენებ.

 

 

მთელს საქართველოს გეფერებით და „პრაიმტაიმის“ მეშვეობით მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ .

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი