logo_geo
ანგელა მერკელი: გერმანიამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა
- +

7 მაისი. 2020. 02:43

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ანგელა მერკელმა 16 ფედერალური მიწის ხელმძღვანელებთან ტელეკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

 

ამავე დროს, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

 

გერმანიაში სოციალური დისტანცირების ზომები 5 ივნისამდე დარჩება ძალაში, თუმცა კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები დამატებით შემსუბუქდება. კერძოდ, გაიხსნება დიდი მაღაზიები, ხანდაზმულთა თავშესაფრებში დაშვებული იქნება ვიზიტორების მიღება. მიმდინარე თვის მეორე ნახევარში განახლდება საფეხბურთო მატჩები.

 

რაც შეეხება კინოთეატრების, თეატრებისა და რესტორნების გახსნას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფედერალური მიწების ადგილობრივი მთავრობები ინდივიდუალურად მიიღებენ.

 

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული მონაცემები ვირუსის გავრცელების შესახებ დადებითია და ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლევა.

 

კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მზარდი გახდება, შეზღუდვები აღდგება.

 

გერმანიის ლიდერმა მოსახლეობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი