ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც დამამთავრებელი და საშუალო კლასების მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ, ტემპერატურის გასაკონტროლებლად სმარტ-სამაჯურები დაურიგეს.
CNN-ის ინფორმაციით, სმარტ-სამაჯურები ტემპერატურის მუდმივ კონტროლს ახდენს. სამაჯურის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია შემდგომ ხელმისაწვდომია სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლებისთვის. უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, სკოლები მოსწავლეებს სამაჯურის ტარებას 24 საათის განმავლობაში ურჩევენ.
თუ რომელიმე მოსწავლეს 37.2-ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ამის შესახებ ინფორმაციას სამაჯურის მეშვეობით სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს. მასწავლებლებს და მშობლებს შეეძლებათ, სმარტფონებით თვალი ადევნონ თითოეული მოსწავლის ტემპერატურას.
როგორც პეკინის საგანმანათლებლო ბიურო აცხადებს, „ჭკვიანი სამაჯურების“ მიზანია, მოსწავლეებს ტემპერატურა ისე გაუზომონ, რომ მათ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ და გამოცდებისთვის მომზადება უფრო ეფექტურად შეძლონ.