logo_geo
დონალდ ტრამპი: მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიის განადგურება სურთ
- +

4 ივლისი. 2020. 11:09

 

 

დონალდ ტრამპის თქმით, მემარცხენეებს აშშ-ის ისტორიის განადგურება სურთ. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

 

ტრამპმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი საპროტესტო აქციების იმ მონაწილეებზე საუბარს დაუთმო, რომლებიც აშშ-ში ისტორიული ფიგურების მონუმენტების ჩამოგდებას ცდილობენ.

 

„არ შეგეპაროთ ეჭვი, ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიმართულია ამერიკული რევოლუციის წინააღმდეგ. ისინი გაანადგურებენ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბეს, დაავადებებს, ძალადობასა და შიმშილს. ამან კაცობრიობა მიღწევების, აღმოჩენებისა და პროგრესის ახალ საფეხურზე აიყვანა. მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან გაანადგურონ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ყველა მონუმენტი, სიმბოლო და მოგონება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი განკარგულებით, მონუმენტებს ფედერალური სამართალდამცველები იცავენ, ხოლო არეულობაში მონაწილეებს აკავებენ,  თავდამსხმელებს კი კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან.

 

„ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, ჩვენს შვილებს სკოლებში საკუთარი ქვეყნის სიძულვილს ასწავლიან და აიძულებენ დაიჯერონ, რომ კაცები და ქალები, რომლებმაც მათი ქვეყანა შექმნეს, გმირები არ ყოფილან, არამედ ბოროტმოქმედები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს ამერიკელ სამართალდამცავებს და არ დაუშვებს, რომ პოლიცია მოშალონ ან გაუქმდეს აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება, რაც იარაღის შენახვასა და ტარების უფლებას უკავშირდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული და ამერიკული დროშის პატივისცემა უნდა ასწავლონ“, – თქვა ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე რაშორის მთის ეროვნულ მემორიალთან გააკეთა. მემორიალი წარმოადგენს აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის კლდეში ნაკვეთ პროფილებს.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, მათ შორის ორს – ჯორჯ ვაშინგტონსა და თომას ჯეფერსონს მონები ჰყავდა. ამის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ სიტყვით გამოსვლისთვის ეს ადგილი შერჩეულიყო, აშშ-ში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

 

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას 7 500 ადამიანი დაესწრო. ტრამპის გამოსვლას მოჰყვა ფოიერვერკები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი