logo_geo
მედიის ცნობით, კვიპროსში 5G ქსელის მოწინააღმდეგეებმა კავშირგაბმულობის ანძები დაწვეს
- +

5 ივლისი. 2020. 02:46

 

 

კვიპროსში მობილური სატელეკომუნიკაციო ანძების დაწვაზე პასუხისმგებელი სავარაუდოდ 5G ქსელის მოწინააღმდეგეთა მცირერიცხოვანი ჯგუფია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

 

როგორც მედიასაშუალება კვიპროსის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელებმა ცეცხლი ქალაქ ლიმასოლის სხვადასხვა უბნებში მდებარე ოთხ ანძას წაუკიდეს.

 

პოლიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სატელეკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერები ანძების მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ კვიპროსში მეხუთე თაობის ქსელი არ ამოქმედებულა.

 

„ესოშიეტიდ პრესი“ აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ევროპაში სატელეკომუნიკაციო ანძებზე თავდასხმის ათობით ფაქტი გამოვლინდა.

 

სოციალურ მედიაში გაჩნდა კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც, მეხუთე თაობის მობილური კავშირი (5G) დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან. ვინაიდან საკითხს ინტერნეტში ბევრი ადამიანი სერიოზულად განიხილავდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სატელეკომუნიკაციო კომპანიები იძულებული გახდნენ, ოფიციალური განმარტებები გაეკეთებინათ. ამ საკითხს გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სააგენტო, იგივე Ofcom-იც.

ეს სიცრუეა. არ არსებობს 5G-ისა და კორონავირუსის გავრცელებას შორის რაიმე კავშირის სამეცნიერო საფუძველი ან სარწმუნო მტკიცებულება“, — წერს Ofcom-ი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი