logo_geo
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმად გამოცხადების გადაწყვეტილება გააუქმა
- +

10 ივლისი. 2020. 17:35

 

 

თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია-სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.

 

ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.

 

„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია-სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს.

 

აია-სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი არაერთხელ გამოსულა. 2019 წლის მარტში მან განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ თურქეთის ხელისუფლება მუზეუმს მეჩეთად გამოაცხადებს.

 

აია-სოფიას სტატუსის შესაძლო ცვლილებას „იუნესკო“ გამოეხმაურა, რომლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშიც აია-სოფია 1985 წლიდან არის შეყვანილი.

 

„იუნესკო“-ს განცხადებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი ძეგლის სტატუსის ცვლილება თურქეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციას წინასწარ უნდა აცნობოს და საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს „იუნესკო“-ს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი განიხილავს. ამასთან, გაერო-ს ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც კულტურული ობიექტის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებაზე აისახება.

 

1500 წლის ისტორიის მქონე აია-სოფია ბიზანტიის იმპერიის მთავარი ქრისტიანული ტაძარი იყო. 1453 წელს ოსმალთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სულთანმა მეჰმედ მეორემ აია-სოფია მეჩეთად გადააკეთა. 1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა ქემალ ათათურქმა მსოფლიოში ცნობილი ტაძარი მუზეუმად გამოაცხადა.

 

აია-სოფიას ტაძარი სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი