logo_geo
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: აია-სოფიას მეჩეთში ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც
- +

18 ივლისი. 2020. 17:26

 

 

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთი ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები ხელუხლებელი დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

„აია-სოფიას მეჩეთი ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში იყო“, - აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.

 

მისივე თქმით, თურქეთმა აია-სოფიას მეჩეთში ყველა მიიწვია.

 

„მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის - მორწმუნეებისთვის, არამორწმუნეებისთვის, მუსულმანებისთვის, ქრისტიანებისთვის, ბუდისტებისთვის. ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, 10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აია-სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი