logo_geo
მედიის ინფორმაციით, ბეირუთის პორტთან ახლოს აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია
- +

5 აგვისტო. 2020. 17:23

 

 

ლიბანში, ბეირუთის პორტთან ახლოს აფეთქება, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, დაუდევრობამ გამოიწვია.

 

ამის შესახებ ინფორმაცია „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.

 

„წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის პორტში წლების განმავლობაში შენახული მაღალი ფეთქებადობის ნივთიერების აფეთქების მიზეზი უმოქმედობა და დაუდევრობა გახდა, რამაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, – წერს გამოცემა.

 

„როიტერს“ ინფორმაცია პორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. მისი თქმით, საწყობში ამონიუმის ნიტრატის მარაგის თაობაზე უამრავ კომიტეტსა და მოსამართლეს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

 

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ხანძარი თავდაპირველად პორტის მეცხრე საწყობში დაიწყო და შემდეგ მოედო მეთორმეტე საწყობსაც, სადაც ამონიუმის ნიტრატის მარაგები ინახებოდა.

 

ლიბანის საბაჟოს გენერალურმა დირექტორმა, ბადრი დაჰერმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საბაჟომ სასამართლოს ექვსი დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამ ნივთიერებების შენახვის საფრთხეებზე იყო საუბარი.

 

„ამ ნივთიერების პორტიდან ექსპორტი მოვითხოვეთ, თუმცა არაფერი შეიცვალა. მიზეზს ექსპერტები გაარკვევენ“, – განაცხადა საბაჟოს დირექტორმა, ბადრი დაჰერმა.

 

„როიტერის“ მიერ მოპოვებულ ორ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბაჟომ 2016 და 2017 წლებშიც მოითხოვა პორტში არსებული საშიში ნივთიერების გატანა, ერთ-ერთ დოკუმენტში კი ნახსენებია, რომ მსგავსი მოთხოვნა 2014 დ 2015 წლებშიც დაიწერა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი