logo_geo
ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს
- +

7 აგვისტო. 2020. 02:32

 

 

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ლიბანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„სამხედრო პროკურატურა აფეთქების გამოძიების საწყის ეტაპს ასრულებს. პორტის ადმინისტრაციის საბჭოდან 18-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა. ეს ის პირებია, რომლებმაც რემონტი ჩაატარეს ანგარში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა. ამ მომენტისთვის გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 16 ადამიანს შეადგენს“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

 

ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც რუსი ბიზნესმენის კუთვნილ გემ Росус-ზე იყო დატვირთული.

 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი