logo_geo
ბოლო 24 საათში საქართველოში დაინფიცირებული სამი ადამიანიდან ორი თურქეთის მოქალაქეა
- +

9 აგვისტო. 2020. 02:29

 

 

გასული დღე-ღამის მანძილზე საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. საუბარია სატვირთო ავტომანქანების მძღოლებზე, რომლებსაც COVID 19-ით ინფიცირება ბათუმში დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აჭარის ლაბორატორიებში ჯამში, 24 საათის განმავლობაში 750 ადამიანი გამოიკვლიეს, ვირუსი კი რეგიონში მხოლოდ თურქეთის ორ მოქალაქეს დაუდგინდა და დაავადებულთა შორის საქართელოს მოქალაქეები არ არიან.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 996-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი