logo_geo
აშშ-ს ერთდროულად ორი ქარიშხალი უახლოვდება
- +

24 აგვისტო. 2020. 12:21

 

 

აშშ-ს ერთდროულად ორი ქარიშხალი უახლოვდება. ქარიშხლების გამო კარიბის ზღვის რეგიონიდან და აშშ-ის სამხრეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

„ბიბისის“ ცნობით, ქარიშხალმა „მარკომ“ და ტროპიკულმა შტორმმა „ლაურამ“ ჰაიტიში, კუბასა და დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი ქარი და ზღვის ღელვა გამოიწვია. უხვი ნალექი მოვიდა პუერტო-რიკოშიც.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალი „მარკო“ ლუიზიანას შტატს ემუქრება, ხოლო „ლაურა“ - ტეხასს.

 

თუმცა, როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, თუ „ლაურამ“ მიმართულება შეიცვალა, მაშინ აშშ-ის ისტორიაში პირველად, ლუიზიანას შტატს ერთდროულად ორი შტორმი გადაუვლის.

 

„ლაურას“ შედეგად დომინიკის რესპუბლიკაში სამი ადამიანი დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარდაცვლილებს შორის არის შვიდი წლის ბიჭი, რომელიც დედასთან ერთად დაიღუპა, როდესაც მათი სახლის კედელი ჩამოინგრა.

 

კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა შტორმს ჰაიტიში, მათ შორის იყო ათი წლის გოგონა. ჰაიტის დედაქალაქში სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია.

 

შტორმის გამო კუბის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა და დროებით თავშესაფარში გადასულიყო.

 

ქარიშხალ „მარკოს“ ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 120კმ/სთ-ს აღწევდა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ „ლაურაც“ რამდენიმე დღეში გაძლიერდება და ქარიშხლის სტატუსს მიიღებს.

 

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ორი ქარიშხლის შედეგად უამინდობა შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს.

 

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა პორტის ადმინისტრაციას მოუწოდა, ახალი ორლეანის პორტებიდან გემების ევაკუაციის გეგმა მოამზადონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი