logo_geo
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო: ყარაბაღში 2 317 სომეხი სამხედრო დაიღუპა
- +

14 ნოემბერი. 2020. 21:40

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 2 317 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

„ჩვენმა სასამართლო-სამედიცინო სამსახურმა 2 317 ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა. მათ შორის ამოუცნობი ცხედრებიც იყო. ამჟამად ცხედრების გაცვლის პროცესი დაიწყო, ამიტომ დაპირისპირებულმა მხარეებმა დაღუპულთა ზუსტი რიცხვი, ბუნებრივია, ჯერ არ იციან“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკაგოსიანმა დაწერა.

 

სომხეთის ყოფილი ელჩი ვატიკანში მიქაელ მინასიანი აცხადებს, რომ სომხეთის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 3 650 დაღუპულის და 1 100 უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ ხელისუფლება ამ ციფრებს მალავს.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. სომხური მხარე იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 7 000-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა.

 

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი