logo_geo
ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმები
- +

30 ნოემბერი. 2020. 14:20

 

 

საიმიგრაციო პოლიტიკა ერთ-ერთი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის ხედვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმაზე საუბრობდა და თეთრი სახლში მისვლის შემდეგ ამ გეგმების სისრულეში მოყვანას შეუდგა. საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას დონალდ ტრამპი უსაფრთხოების საჭიროებებითა და ამერიკელი მუშების ინტერესების დაცვით ხსნიდა.

 

„რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის საიმიგრაციო განკარგულებების გაუქმება ჯო ბაიდენის უპირველეს გეგმებში შედის.

 

„მე ვიქნები აშშ-ის პრეზიდენტი და არა ვიცე-პრეზიდენტი. და ფაქტი არის შემდეგი, რომ პრეზიდენტობის  პირველი 100 დღის განმავლობაში კონგრესს მივმართავ წინადადებით, რომლითაც დავსახავ გზას, რომ 11 მილიონმა უსაბუთო მიგრანტმა მოქალაქეობა მიიღოს“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

 

ეს განცხადება ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 22 ოქტომბერს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა. მიმდინარე კვირის დასაწყისში, მან აღნიშნული განზრახვა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ჩამონათვალი, თუ რა ცვლილებების შეტანას გეგმავს ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გუნდი საიმიგრაციო პოლიტიკაში. ინიციატივებს შორისაა:

 

DACA-ს პროგრამის აღდგენა, რომელიც იცავს დეპორტაციისგან უსაბუთო მიგრანტებს, ე.წ. მეოცნებეებს, რომლებიც აშშ-ში არასრულწლოვნების ასაკში ჩავიდნენ. აღნიშნული პროგრამა ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 2012 წელს ამოქმედდა.

 

რამდენიმე მუსლიმური ქვენების მოქალაქეებისთვის დაწესებული სამოგზაურო აკრძალვის გაუქმება.

 

დროებითი დაცვის სტატუსი პროგრამის აღდგენა – გათვალისწინებულია მიგრანტებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ომსა ან სტიქიურ უბედურებებს გაექცნენ. აღნიშნული პროგრამა ეხება ჰაიტის, ჰონდურასს, სალვადორს, ნიკარაგუას, სირიას, იემენს, ნეპალს, სომალის სუდანსა და სამხრეთ სუდანს.

 

„მწვანე ბარათების“ მფლობელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივება.

 

ყოველწლიურად ლტოლვილების მიღების რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტის 125 ათასამდე გაზრდა. ოქტომბერში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2021 წელს ლტოლვილების მიღებაზე ლიმიტს 15 ათასზე აწესებს, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად დაბალი ზღვარია.

 

საზღვარზე მშობლებისა და ბავშვების დაცალკევების პრაქტიკის გაუქმება და ბავშვების ოჯახებთან გაერთიანების პრიორიტიზირება;

 

ბაიდენის გუნდი ამ და სხვა ცვლილებებს საიმიგრაციო პოლიტიკაში თეთრ სახლში მისვლიდან უახლოესი 100 დღის ვადაში გეგმავს. ამ პერიოდში კი, განახლებული საიმიგრაციო პოლიტიკის ამოქმედებამდე, დეპორტაციაზე მორატორიუმი გამოცხადდება.

 

საიმიგრაციო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტიკის ცვლილება არ იქნება მარტივი იმის გათვალისწინებით, რომ სენატში უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელები რესპუბლიკელები ფლობენ.

 

მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტში პირველ არხთან აღნიშნავენ, რომ მილიონობით უსაბუთო მიგრანტის ლეგალური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა ქმედითი მიგრაციული სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ამ გზაზე დაბრკოლებები არაერთი წელია არსებობს, რადგან საკითხი სადავოა.

 

„აშშ-ში ოფიციალური ნებართვის გარეშე მყოფი დაახლოებით 11 მილიონი ადამიანის ლეგალური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა იქნება აუცილებელი ნაბიჯი ქმედითი საიმიგრაციო სისტემის მიმართულებით, თუმცა ბოლო 14 წლის განმავლობაში წარუმატებელმა მცდელობებმა აჩვენა, ძალიან სადავოა და მისი გატანა გაყოფილ კონგრესში წარმოუდგენლად რთული იქნება“, – აღნიშნავს მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის პრესსპიკერი მიშელ მიტელშტადტი საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

 

მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის პუბლიკაციაში „ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის საიმიგრაციო გეგმები“ აღნიშნულია, რომ მიგრაციის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას ართულებს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისი, როდესაც ახალი ადმინისტრაციისთვის უმთავრესი საკითხები ჯანდაცვა და ეკონომიკის აღდგენა იქნება.

 

„ამოცანა განუზომლად უფრო რთული იქნება, რადგან კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური ზომები აუცილებლად იქნება პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი, ხოლო სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობა შესაძლოა, ადმინისტრაციის საიმიგრაციო და სხვა დღის წესრიგის შემაფერხებელი იყოს. არჩეული პრეზიდენტი ასევე ეცდება თავისი პარტიის ლიბერალური ფრთის ზეწოლა დააბალანსოს თავის განცხადებულ სურვილთან, იყოს ყველა ამერიკელის ინტერესის გამტარებელი, ამავე დროს, იმის გაცნობიერებით, რომ დონალდ ტრამპის ზოგიერთი რეგულაციის გაუქმებამ შესაძლოა, ცენტრალური ამერიკიდან და სხვა რეგიონიდან მიგრაციის ზრდას შეუწყოს ხელი“, - ნათქვამია მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის პუბლიკაციაში.

 

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ განაგრძობს სამართლებრივ დავას 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების შესაცვლელად.

 

პრეზიდენტის ინაუგურაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვარს გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი