logo_geo
ესპანეთი საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის 10-კაციან შეზღუდვას აწესებს
- +

4 დეკემბერი. 2020. 16:21

 

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას ინფორმაციით, ოთხშაბათს ქვეყნის მთავრობამ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნა დააკმაყოფილა და საშობაო და საახალწლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაქსიმუმ 10-კაციანი შეკრების უფლება გასცა.

 

ნებართვა გულისხმობს შობის წინა ღამეს, უშუალოდ ქრისტეშობის დღეს, მიმავალი წლის ბოლო დღესა და ახალი წლის პირველ დღეს ოჯახებში შეკრებას მითითებული ზღვრული ოდენობით. არსებული ზოგადი წესიდან მცირედი გადახვევით დასაშვები ხდება 6 კაცამდე შეკრება, გარდა იმ რეგიონებისა, სადაც ადგილობრივი ლიმიტია დაწესებული. არსებული კომენდანტის საათი ესპანეთის რეგიონების უმრავლესობაში 21:00-დან 01:30-მდე გახანგრძლივდება 24 და 31 დეკემბერს.

 

რეგიონებს შორის მობილობა იკრძალება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, გარდა ოჯახის წევრების მონახულებისა. მინისტრი არ განმარტავს ეს სქემა როგორ იმუშავებს ან როგორ განხორციელდება კონტროლი. სავარაუდოდ, რთული ამოცანა უდგას კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რადგან მრავალი ადამიანი სწორედ შობისთვის ბრუნდება მშობლიურ ოჯახში.

 

„სასურველია, რომ ხალხმა თავად შეიზღუდოს თავი და სოციალური კონტაქტებიც მინიმუმამდე შეამციროს“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი და ხალხს მოუწოდებს არ ისარგებლონ მოცემული სიტუაციით.

 

ესპანეთის ყველა ცალკეულ რეგიონს აქვს უფლება თავად გაამკაცროს ზომები და მობილობა კიდევ უფრო შეზღუდოს. ევროპის ქვეყნებში მთავრობები ცდილობენ ვირუსის გავრცელება შეაკავონ და იმავდროულად ხალხს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მისცენ ზეიმის საშუალება.10-კაციანი ლიმიტი ბავშვების ჩათვლით იანგარიშება და ოფიციალური რეკომენდაციით ოჯახის განშტოებების წევრებს გულისხმობს, თუმცა სხვა სტუმრებს გამორიცხავს.

 

ესპანეთის მთავრობამ 6-თვიანი საგანგებო ვითარება დააწესა ნოემბერში, რაც რეგიონებს სრულ იურიდიულ საფუძველს აძლევს კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დასაწესებლად.

 

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი შენელებულია, თუმცა მანამდე ჯამში 1.66 მილიონი შემთხვევით დასავლეთ ევროპის უმაღლეს ნიშნულზეც აღმოჩნდა. ოთხშაბათის მდგომარეობით, ქვეყანაში გარდაცვლილია 45 784 ადამიანი. სადღესასწაულო წესები შეთანხმებულია და 6-თვიანი საგანგებო ვითარების ფარგლებში მოიაზრება, რომელიც მაისამდე იმოქმედებს.მინისტრმა ოთხშაბათს ისიც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები არიან პასუხისმგებელნი უპოვარი მოსახლეობის თავშესაფრით უზრუნველყოფაზე. ამ პერიოდში სახლის იძულებით დაცლის ორდერების აღსრულებაც იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი