logo_geo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:38

 

 

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს, ბარაკ ობამას, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს შეუერთდება და საზოგადოების ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დარწმუნების მიზნით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს.

 

„მოხარული ვიქნები, ეს გავაკეთო. როდესაც ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ უსაფრთხო ვაქცინა გვაქვს, მე ამას გავაკეთებ. ხალხმა ვაქცინის ეფექტურობისადმი ნდობა დაკარგა და მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი ნდობის ამაღლების კამპანია ძლიერი მესიჯი იქნება მაშინ, როდესაც ამერიკის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობენ საზოგადოება ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

 

ჯორჯ ბუშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფრედი ფორდმა განაცხადა, რომ 43-ე პრეზიდენტი ენტონი ფაუჩისა და დებორა ბირქსს დაუკავშირდა და თავისი დახმარება შესთავაზა.

 

ბილ კლინტონის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის მზაობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს.

 

მანამდე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა ამაღლდეს, კამერების წინ ვაქცინას გაიკეთებს.

 

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს ავტორიზაციისთვის „Pfeizer“-ისა და „Moderna“-ს ვაქცინების ავტორებმა უკვე მიმართეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი