logo_geo
ხვიჩა მაღლაკელიძე: შურით ვისწავლე დაკვრა
- +

22 დეკემბერი. 2020. 19:58

 

 

 

სახელი: ხვიჩა

 

გვარი: მაღლაკელიძე

 

პროფესია: მუსიკოსი.

 

– მოგონება ბავშვობიდან...

 

– ყოველ დილით, დედა სამსახურში რომ მიდიოდა, მიტოვებდა კარაქიან პურს, მე კი ამ პურებს გაზქურის უკან ვყრიდი, არ მიყვარდა ჭამა. ერთ დღესაც მამამ გადაწყვიტა პატარა რემონტის გაკეთება და გამოსწია ეს გაზქურა, სადაც დახვდა კარაქიანი პურების კედელი, ამის გამო პირველად გავილახე მაგიდის გადასაწმენდი ტილოთი, იმის მერეა, რაც სულ ვჭამ. (იცინის)

 

– მშობლების როლი...

 

– ცდილობდნენ, ხელი არ შეეშალათ, რადგან ჩემი „გაფრენები“ და ფანტაზიები მქონდა. საბოლოოდ დედაც და მამაც მიხვდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა და თავი გამანებეს, უბრალოდ, მათთვის მთავარი იყო ცუდ გზას არ დავდგომოდი, დიდი მადლობა ორივეს, ხელი რომ არ შემიშალეს იმის კეთებაში, რაც მინდოდა.

 

– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

 

– მულტიპლიკატორობა მინდოდა, ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ საბოლოო ჩემს დას დავუჯერე და უცხო ენებზე ჩავაბარე, თუმცა ბავშვობის ოცნება ავიხდინე ა შესაძლებლობა მომეცა მუსიკალურად გამეხმოვანებინა ანიმაციური მულტფილმი „კვაჭი კვაჭანტირაძე“.

 

– ჩემი მეტსახელი...

 

– „ხვაიჩას“ მეძახიან მეგობრები, რადგან ასე იკითხება ჩემი სახელი ინგლისურად.

 

– ადამიანში ვაფასებ...

 

– ლამაზად მიწოდებულ ტყუილს, ზოგი ისე ლამაზად შეგიფუთავს რაღაც ამბავს, ისე მოგიყვება და ისე გეტყვის, რომ გაოცებას ვერ მალავ. პოლიტიკოსებიც ასე იტყუებიან, იმიტომ არის ყოველ ოთხ წელიწადში ხმას რომ თავიდან ვაძლევთ. ამას სჭირდება ნიჭი და მუშაობა, სპეციალურ ტრენინგებს გადიან ხოლმე. კიდევ მიყვარს და ვაფასებ იუმორის გრძნობას, გია ბაღაშვილს ქავს ერთი კარგი ანეკდოტი: კახეთში სუფრაზე სიცილი და გართობა იყო, თამადა გაბრაზდა წამოდგა და ხმამაღლა თქვა, ახლა აქ ვიღაცები გასართობად არიან მოსულებიო. არ ვიცი, სუფრაზე რა უნდა გააკეთო გართობის და მხიარულების მეტი, მეცოდება ადამიანი, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს.

 

– წარმატებული ადამიანი არის...

 

– ის, ვინც თავისი საქმე ხუთიანზე იცის, მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებს, რომელ სფეროშია, თუნდაც თასმებს იკრავდეს, ოღონდ პროფესიონალურად უკვე ჩემთვის წარმატებულია. შეიძლება, თავისი პროფესიით ვერ იღებდეს დიდ შემოსავალს, მაგრამ ერთგულად, მაღალ დონეზე ასრულებდეს მას.

 

– ვრისკავ...

 

– არასოდეს საერთოდ არ ვარ რისკიანი, კიდევ კარგი, რომ აზარტული თამაშების პირველი ლუდომანი ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მითამაშია კაზინოში. არ მიყვარს რისკი, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია, ხვალინდელ ქათამს.

 

– მაკვირვებს...

 

– შავი პარასკევი რომ დააწესეს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში.

 

– ვერიდები...

 

– კონფლიქტს, ყოველთვის ვცდილობ მსგავს სიტუაციას გავერიდო, წყენა დავივიწყო და მოკლდე, რასაც კი შეიძლება დაძაბულობა მოჰყვეს, დავაიგნორო, პატარა გაუგებრობას თუ აჰყვები, მერე ეს გადაიზრდება დიდში და ამიტომ არ მიღირს, მსგავს საკითხებზე დროის დახარჯვა.

 

– ბედისწერა.

 

– არ მჯერა ბედისწერის არსებობის, ვფიქრობ, ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, მე ჩემით გამოვიგონე ჩემი საქმიანობა, თავად ვიწვალე, თავად შევქმენი, შენ თავად წყვეტ, რა გზას და მიმართულებას აირჩევ.

 

– სიყვარული – ეს არის...

 

– ყველაზე დიდი მიჩვევა, თავიდან პირველი რამდენიმე თვეა, როცა ლექსებს გაწერინებს და სხვა რელსებზე გადაჰყავხარ, თორემ მერე გადადის მიჩვევაში, სხვა პასუხისმგებლობაში, ყურადღებაში.

 

– პირველად შემიყვარდა...

 

– ჩემი მეუღლე, რომელიც ახლა ორ „ბაღანას“ მიზრდის, ერთი ნახვით სიყვარული იყო და ღმერთის წყალობით, გაამართლა. ამბობენ, ერთი ნახვით სიყვარული არ გამოდისო, მაგრამ ჩვენ აგერ, უკვე 20 წელია, რაც ერთად ვართ, 19 წლის შვილი გვყავს.

 

– დრო და სიყვარული.

 

– დროსთან ერთად ტრანსფორმირდება, სხვადასხვა მოვალეობებში ვლინდება.

 

– ის, რაც უპატიებელია.

 

–  სამშობლოს ღალატი, ამა ვერ ვაპატიებ ვერასდროს ვერავის.

 

– ვეჭვიანობ...

 

– არასოდეს, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მეუღლის მიმართ ეჭვს, ჩემს პროფესიაშიც კოლეგების მიმართაც არ ვამჟღავნებ ამ თვისებას, დათრგუნული მაქვს ჩემში, რადგან ეჭვი მერე სხვა პრობლემებს იწვევს.

 

– ბოდიშის მოხდა...

 

– არ მიჭირს, ბოდიშებად ვარ ქცეული, თუ არ ვარ, დამნაშავე, ვიხდი, რომ ვინმე არ ვანერვიულო და ჭეშმარიტი დამნაშავე არ ვაძებნინო, გავა დრო და ის ისედაც გაიგებს სიმართლეს.

 

– ვნანობ...

 

– იმას რომ მშობლებს ვერ დავუთმე სათანადო დრო, როცა დიდი ვიყავი, უკვე თბილისში ვცხოვრობდი, ისინი ბათუმში, ორივე ისე გარდაიცვალა, რომ მათ გვერდით არ ვყოფილვარ.

 

– ვაგროვებ...

 

– გიტარებს, უამრავი მაქვს, სულ შეძენაში და გაცვლაში ვარ, ასევე მაცივარზე მისაკრავ მაგნიტებს, ოღონდ მაცივარზე არ მაქვს მიკრული და კიდევ, ღვინის პროპკების შეგროვება მიყვარს.

 

– ჩემი თილისმა.

 

– იერუსალიმიდან ჩამოვიტანე წითელი ძაფი, რომელიც უკვე წლებია მიკეთია. მეუბნებიან, უნდა გაწყდესო, მაგრამ არ გაწყდა, ლამისაა შემიხორცდეს ხელზე, ჩემმა მეუღლემ შემაბა და ალბათ, ხელს თუ მომაჭრის ვინმე, თორემ ისე არ წყდება. ისე, ხანდახან მგონია რომ ამ ძაფს წარმატება მოაქვს.

 

– რჩევა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება...

 

– ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბევრი არ აიღო შენს თავზე, ზედმეტს ნუ იტყვი, ზედმეტად ნუ შეაქებ და ზედმეტად ნუ გამოხატავ შენს აზრს, მშვიდად იყავი, ამ კაცობრიობას ვერ შეცვლიო.

 

ეთო ხურციძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი