logo_geo
FBI-ის ოპერატიული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, აშშ-ის შტატებში დიდი აჯანყება იგეგმება
- +

12 იანვარი. 2021. 02:44

 

 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, აშშ-ის შტატებში დიდი აჯანყება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

ტელეკომპანია ABC News მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ინფორმაცია მიიღო შეიარაღებული ჯგუფის შესახებ, რომელიც 16 იანვარს ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებს.

 

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თუ კონგრესი აშშ-ის პრეზიდენტის 25-ე შესწორებით გადაყენებას შეეცდება, დიდი აჯანყების მოწყობა იგეგემება.

 

გარდა ამისა, 16 იანვრიდან 20 იანვრამდე აშშ-ის ყველა შტატში შეიარაღებული პროტესტის გამართვა იგეგმება.

 

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

 

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი