logo_geo
ჟურნალისტებმა იმ რუსი მებრძოლების ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც მამაკაცს თავი მოკვეთეს და შემდეგ დაწვეს
- +

18 იანვარი. 2021. 19:22

გამოცემებმა Фонтанка-მ და Новая Газета-მ იმ დაქირავებული რუსი მებრძოლების ვინაობა დაადგინეს, რომლებიც ინტერნეტში გავრცელებულ შოკისმომგვრელ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებენ. ამ ვიდეოჩანაწერზე  ჩანს, რომ რუსულად მოსაუბრე 5 მამაკაცი მსხვერპლს თავსა და ხელებს აჭრიან, შემდეგ კი ფეხებით კიდებენ და წვავენ. კადრს მიღმა ისმის სიცილი, რუსულად საუბარი, ხოლო დინამიკებიდან ჟღერს სიმღერა  – Я российский спецназ, мне на все наплевать. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს მებრძოლები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან.  საზარელი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ნაწილად გავრცელდა. მართალია, მკვლელობის მონაწილეები თავის სახელებს არ ამბობდნენ, თუმცა, ისმის მათი საძახისები. მოკლული მამაკაცის დაწვას თან სიცილი ახლავს.  გვამზე ამოჭრილია სიტყვები – Разведка  და За ВДВ. ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირებმა ბევრი იმხიარულეს, იცინეს და ბოლოს, სამახსოვროდ, ღობეზე ჩამოკიდებული, დამწვარი გვამის ფონზე – ჯგუფური ფოტოც გადაიღეს.

 
 
 

Фонтанка-მ და Новая Газета-მ ინტერნეტში გავრცელებული ამ საზარელი ვიდეოჩანაწერის გარემოებების დადგენას არაერთი სტატია მიუძღვნეს, ხოლო, როგორც არაბულმა მედიამ დაადგინა, მოკლული მამაკაცი სირიის არმიის დეზერტირი – მოჰამედ ტახა ისმაილ ალ-აბდულა იყო. სავარაუდოდ, ის სირიაში, ჰომსის პროვინციაში დაიჭირეს და დემონსტრაციული ეგზეკუცია მოუწყვეს, რაც პარალელურად გადაიღეს კიდეც. Фонтанка-ის ინფორმაციით, სირიელის სასტიკ მკვლელობაში 5 ადამიანი მონაწილეობდა.

ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ქალაქ პსკოვის მაცხოვრებელი, დაღესტნის საომარი მოქმედებების მონაწილე – ვლადიმერ ბ. იყო ( საძახისი „საიგა“). 2012 წლამდე ის რუსული სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, იმავე ბრიგადაში, სადაც მსახურობდა დიმიტრი უტკინიც, იგივე „ვაგნერი“. სწორედ ეს ადამიანი მოიაზრება  კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერად. მკვლელობის კიდევ ერთი მონაწილე Фонтанка-ს ინფორმაციით, ტაჯიკეთის მკვიდრი და რუსეთის მოქალაქეობის მქონე, 1991 წელს დაბადებული ჯახონგირ მირაზოროვია, საძახისით „პამირი“. გამოცემა ირწმუნება, რომ სწორედ მან დაანაწევრა მოკლული სირიელის გვამი და საწვავის შესხმის შემდეგ დაწვა. ცნობილია, რომ ჯახონგირ მირზოევი სირიაში 2017-2018 წლებში  სამჯერ იყო ნამყოფი. კიდევ ერთი რუსი მებრძოლი, რომელიც ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა, რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით მოლდოველი ვლადისლავ აპოსტოლია. მისი საძახისი იყო Волк. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ აპოსტოლი მსხვერპლს ჩაქუჩით უსწორდება. ცნობილია, რომ ეს დაქირავებული მებრძოლი სირიაში 2018 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

 

 

 

ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სასტიკ ეგზეკუციაში მონაწილე ერთ-ერთი პირი – 39 წლის რუსლან ჩ. უკვე დიდი ხანია, ისევ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და თავისუფალ დროს მოხალისეობრივ საწყისებზე სკოლის მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს, მათ სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. ვიდეოჩანაწერში  მას საძახისით „ჩიჩი“ იხსენიებდნენ და მან სირიელი მამაკაცისთვის თავის მოკვეთაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.  გადაღების დროს ვიდეოკამერა ხელში ეჭირა მოკლე თმიან მებრძოლს, რომელსაც თავიდან სახე  „არაფატკით“ ჰქონდა ნახევრად დაფარული . Новая Газета-მ აპლიკაცია FindClone-ის მეშვეობით მისი ვინაობის დადგენა შეძლო.  ის სტანისლავ დიჩკოა, რომელიც 2013 წლამდე კრასნოდარის პოლიციაში მუშაობდა.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაქირავებული მებრძოლების ჯგუფია, რომელსაც რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. პრიგოჟინს ასევე „პუტინის მზარეულად“ იხსენიებენ ხოლმე. თავისუფალი რუსული მედია ხშირად წერს „ვაგნერელების“ უკანონო და დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიაში, აფრიკულ ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაშიც კი. 2018 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც სწორედ „ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ რეპორტაჟის გადასაღებად იყვნენ ჩასულები. ვლადიმერ პუტინმა კი „ვაგნერთან“ დაკავშირებით ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „საზღვარგარეთ მათი ყოფნის შესახებ. ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ისინი რუსეთის კანონს არ არღვევენ“.

 

 

 

იმ ყველაფრის ფონზე, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და  2018 წელს 3 რუსი ჟურნალისტის დაღუპვის თაობაზეა ცნობილი, საოცრად საგულისხმოა ის ინფორმაცია, რომელიც ახლახან გავრცელდა. ვლადიმერ პუტინის „მზარეული“ და „ვაგნერის“ შემქმნელი, ევგენი პრიგოჟინი  ინიციატივით გამოვიდა – მას სურს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, 3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ადგილზე, მათი ხსოვნის პატივსაცემად, თავისი ხარჯით ძეგლი დადგას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს ჟურნალისტები სწორედ „ვაგნერის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად იყვნენ აფრიკაში ჩასულები, არაა გამორიცხული, მალე ვლადიმერ პუტინმა და ევგენი პრიგოჟინმა მოისურვონ ძეგლის დადგმა  იმ 5 რუსის პატივსაცემად, რომლებმაც სირიელი ჯერ აწამეს, შემდეგ თავი მოკვეთეს და  დაწვეს. ოღონდ, თუ ვლადიმერ პუტინს დავესესხებით, მათ რუსეთის ფედერაციის კანონი საერთოდ არ დაურღვევიათ.

 

 

http://kvira.ge/625545

 

 

big_banner
არქივი