logo_geo
დიმიტრი პესკოვი: ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს
- +

19 იანვარი. 2021. 18:41

 

„ბლოგერ ალექსეი ნავალნისთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

 

„ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. რუსეთის ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა გარანტირებულია კანონებით და ეს ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება,“- აღნიშნა პესკოვმა.

 

კრემლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ აპირებს ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინოს.

 

„ჩვენ დაინტერსებულები ვართ კარგი ურთიერთობებით და ეს ინდივიდებზე არ არის დამოკიდებული,”- აღნიშნა მან.

 

რაც შეეხება საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით ნავალნის მოწოდებას, პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს მასობრივი პროტესტის არ ეშინია.

 

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. გუშინ სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხალხს აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი