logo_geo
ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1 მარტამდე აჩერებს
- +

25 იანვარი. 2021. 16:01

 

 

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1 მარტამდე აჩერებს.

 

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებითა და რისკების შესამცირებლად იღებს.

 

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგიაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსზე ბელგიაში სრული კონტროლი გვაქვს დაწესებული. ამ ფაზამდე ჯერ კიდევ შორია. ვაქცინაცია მიმდინარეობს და ეს გვახარებს, მაგრამ ფინიშამდე ჯერ დიდი გზაა. ჩვენი მოვალეობაა რისკების მინიმუმამდე დაყვანა და თქვენი ჯანმრთელობის დაცვა. სტაბილიზაცია მოხერხდა დაწესებული შეზღუდვების შედეგად, მაგრამ მათი უპატივცემულობის შემთხვევაში არის უდიდესი საფრთხე, რომ მიღწეული ძალიან მალე დავკარგოთ. ამის მაგალითები გვაქვს. კორონავირუსის ახალი შტამები ვრცელდება. ეს ახალი ვარიანტები დაფიქსირებულია ჩვენს ქვეყანაში. ახალი ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზომები უნდა სწრაფად მივიღოთ“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსადრე დე კრომ.

 

ბელგიას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები თითქმის ერთი წელია დაკეტილი აქვს. არააუცილებელი მგზავრობის შეჩერებასთან ერთად იცვლება კარანტინის წესებიც. დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან ჩასულ ყველა მგზავრზე გავრცელდება 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი და ტესტი პირველ და მეშვიდე დღეს. 7-დან 10 დღემდე იზრდება სავალდებულო კარანტინი მათთვის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება.

 

საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება კარანტინის წესებისა და ტესტის ჩატარება. კორონავირუსის შემთხვევები ბელგიის სამეფოში ისევ გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურ შემთხვევებთან ერთად გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვი, ვინც საავადმყოფოში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს.

 

18-დან 24 იანვრამდე ყოველდღიურმა შემთხვევებმა საშუალოდ 2 050-ს მიაღწია. ყოველდღიურად ჰოსპიტალიზაციას 136 პაციენტი საჭიროებს. დღესდღეობით საავადმყოფოში 1923 პაციენტი იმყოფება. 322 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბელგიაში საწოლების რაოდენობა 2 000-ს შეადგენს.

 

პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში აღრიცხულია კორონავირუსის 693 666 შემთხვევა. კორონავირუსის წინააღმდეგ ერთი თვის განმავლობაში „ფაიზერი/ბიონტეკის“ ვაქცინით 183 400 ადამიანი აიცრა. დღეს ბელგიაში კორონავირუსის 1812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 53 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი