logo_geo
რატომ შეიყვანა კანადამ „რუსული საიმპერიო მოძრაობა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში
- +

17 თებერვალი. 2021. 22:14

 

 

კანადის მთავრობამ ორგანიზაცია „რუსული საიმპერიო მოძრაობა“ (РИД) ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, უილიამ ბლერმა განაცხადა. ეს რუსული ორგანიზაცია  „იდეოლოგიურად მოტივირებული ექსტრემისტული ორგანიზაციების“ მოხვდა სიაში.

 

 

 

„რუსული საიმპერიო მოძრაობის“  მთავარი ბაზა  სანქტ პეტერბურგშია განთავსებული. ცნობილია, რომ ორგანიზაცია ამზადებდა და შემდეგ აგზავნიდა მოხალისეებს დონბასში რუსი სეპარატისტების მხარდასაჭერად, მათ შორის, უკრაინის სამხედროების წინააღმდეგ საბრძოლველად. იმას, რომ ამ ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრები უბრალოდ კლავიატურაზე კაკუნით კი არ არიან დაკავებულნი და სერიოზულ სამხედრო მომზადებას  კონკრეტული მიზნებისთვის გადიან,  ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „რუსულმა საიმპერიო მოძრაობამ“ ასევე დააფუძნა ორგანიზაცია „რეზერვი“. ეს ორგანიზაცია კი წლების განმავლობაში ატარებს სპეციალურ კურსებს, სახელწოდებით – „პარტიზანი“. მისი ხელმძღვანელია დენის გარიევი, რომელიც რუსი ნაციონალისტი მებრძოლების გაწვრთნას სათავეში ჩაუდგა. „პარტიზანის“ კურსები მოიცავს ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკურ წვრთნას, სადაზვერვო ტაქტიკის ჩამოყალიბებას, სამხედრო ფსიქოლოგიას, ზუსტი სროლის შესწავლას, სიმაღლეების გადალახვის სწავლას, საველე მედიცინას. არსებობს როგორც სწრაფი, ასევე, ინტენსიური-6 კვირიანი კურსებიც. რუსული მედიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ასევე პროგრამაში შედის სნაიპინგი და დივერსიული მომზადების კურსიც.

 

 

 

როგორც Фонтанка.ру წერს, „რეზერვის“ შესახებ პეტერბურგელებმა ჯერ კიდევ 2014 წელს გაიგეს, როცა მათი მოხალისეები დონბასისკენ დაიძრნენ. უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი პირველები პეტერბურგიდან სწორედ „რეზერვის“ მოხალისეები მელნიკოვი და ეფრემოვი იყვნენ. ცენტრის ხელმძღვანელი, გარიევი თავისი ორგანიზაციის უკრაინულ მიმართულებას არც მალავდა, პირიქით, ამ თემაზე ინტერვიუებს ამაყად არიგებდა. 2010 წლიდან ის ხშირად იყო „რუსული მარშების“ ორგანიზატორიც, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ უბრალოდ აქციებზე სიარული და ნაციონალური პათოსით ლოზუნგების ყვირილი საკმარისი არ არის, რადგან „რუსი მუჟიკები უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ხელში იარაღი აიღონ“.

 

„რუსული საიმპერიო მოძრაობის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ პროგრამაში ნათქვამია, რომ დამფუძნებლებს რუსეთის იმპერიის აღორძინება სურთ – „მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ კანონიერი, ისტორიული და ეროვნული ხელისუფლება რუსეთში და დავაბრუნოთ რუსი ხალხი გადარჩენის გზაზე.“

 

აღსანიშნავია, რომ 2016-17 წლებში შვედეთში მომხდარი  აფეთქებების ორგანიზატორებმა, ნაციონალისტებმა  საბრძოლო მომზადება სწორედ რუსული „პარტიზანის“ ბაზაზე გაიარეს. მათ ქალაქ გიოტებორგში მიგრანტებისთვის განკუთვნილ ცენტრებში სამი აფეთქება მოაწყვეს. შვედი პროკურორის, იუნგვისტის თქმით, ორმა ბრალდებულმა 2016 წლის ზაფხულში 11 -დღიანი სამხედრო მომზადება სანქტ პეტერბურგში გაიარეს. არსებობს ფოტომტკიცებულებებიც, სადაც ისინი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატებით პოზიორობენ. სწორედ „რეზერვის“  ბაზაზე ისწავლეს მათ იმ ასაფეთქებელი მოწყობილობების აწყობა, რომლებიც შემდეგ გიოტებორგის ქუჩებში გამოიყენეს.

 

 

მართალია, რუსეთის ხელისუფლებამ დიდი ხანია, შეიმუშავა კანონმდებლობა ტერორისტული თუ ექსტრემისტული ორგანიზაციების, ამგვარი მოწოდებების და ტერორისტული პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა, მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ РИД-ისა და მსგავსი რუსული ორგანიზაციების საქმიანობაზე. შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ ასეთი საქმიანობით დაკავებული ადამიანები, ცენტრები თუ კერძო სამხედრო კომპანიები მათთვის საჭირო მომენტში კარგი მოკავშირეები ხდებიან. კარგად გაწვრთნილი რუსი ნაციონალისტები და ვითომ „მოხალისეები“ ხომ სხვის მიწაზე საომრად ან დესტაბილიზაციის შესაქმნელად კარგი „მასალაა“. ამ ლოგიკის სისწორეს ისიც ცხადყოფს, რომ კრემლს დღემდე არ ჰყავს  შეყვანილი РИД-ი ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში. არა და, კრემლი   ჯარიმებით ან სულაც პატიმრობით სჯის იმ ადამიანებსაც კი, ვინც  სოციალურ ქსელებშიც კი საპროტესტო მიტინგზე გასვლის სურვილს გამოხატავს.

 

იური ტეფნაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი