logo_geo
გერმანული საკონცერტო ექსპერიმენტი პანდემიის პირობებში
- +

23 თებერვალი. 2021. 02:38

 

 

გერმანია ერთ-ერთია იმ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, რომლისთვისაც კულტურა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. პანდემიის არსებობის პირობებში უდიდესი გამოწვევის წინაშე მდგარი მუსიკალური ინდუსტრიის პრობლემების მოსაგვარებლად ზემოხსენებულმა სახელმწიფომაც დაიწყო მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. იგი ცდილობს, ხელი შეუწყოს მუსიკოსებს და, რაც შეიძლება მალე, მისცეს მათ საკონცერტო დარბაზებში დაბრუნებისა და ცოცხალ აუდიტორიასთან კომუნიკაციის საშუალება.

 

 

საოცრად საინტერესო კვლევა ჩაატარა გერმანიის ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტმა გასული წლის 22 აგვისტოს. ცდის ავტორებმა გადაწყვიტეს, დაედგინათ, რამდენად ვრცელდება კოვიდ 19 დახურულ სტადიონზე ჩატარებულ ფართომასშტაბიან კულტურულ, სპორტულ და სოციალურ ღონისძიებებზე. მაიკლ გეკლემ, უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა, განაცხადა, რომ კვლევის მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ინფორმაციის შეგროვება მსგავს სივრცეებში საზოგადოების ქცევასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

 

ექსპერიმენტის დაწყებამდე , 48 საათით ადრე, მონაწილენი შეამოწმეს და ჩაუტარეს კოვიდ ტესტები, მსურველთაგან შერჩეული 1500 მოხალისე კი ლაიფციგის არენაზე გერმანელი მომღერლის ტიმ ბენდკოს კონცერტზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების განსხვავებული წესების დაცვით განალაგეს. მომღერლის მიერ გამართულ კონცერტთაგან პირველზე მსმენელები სოციალური დისტანცირების გარეშე ისხდნენ. მეორეზე _ მსმენელთა რაოდენობის შესამცირებლად მიღებული იქნა შესაბამისი ზომები, რის გამოც დაამატეს არენაზე მაყურებელთა შესასვლელები, მესამე კონცერტზე კი მაქსიმალურად შეამცირეს დამსწრეთა რიცხვი და სოციალური დისტანცირების მკაცრი დაცვით, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული 5 მეტრიანი დაშორებით, დასხეს ისინი. ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოკითხვის შედეგად ცდის პირების 90 პროცენტმა განაცხადა, რომ სიფრთხილის მკაცრი ზომების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა კონცერტზე ცოცხლად დასასწრებად.

 

 

რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მაიკლ გეკლე აღნიშნავს, რომ დახურულ კონცერტებზე კორონა ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია, თუკი კარგ ვენტილაციასთან ერთად ადამიანები დაიცავენ სოციალურ დისტანციასა და ჰიგიენის საჭირო ნორმებს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჰაერის ცირკულაცია და სოციალური დისტანცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაინფიცირების რისკებს. დაავადების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ექსპერიმენტის ორგანიზატორები დახურულ საკონცერტო სივრცეებში ახალი სავენტილაციო სისტემის დაყენების მნიშვნელოვან საჭიროებას ხედავენ, თუმცა დასკვნის სტანდარტების შესაბამისი ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება ძვირადღირებული და შრომატევადი საქმეა. ამასთან მიზანშეწონილად მიიჩნევენ, განახევრდეს დამსწრეთა რაოდენობა, დაემატოს დარბაზში შესასვლელი დერეფნები და გაიზარდოს მომსახურე პერსონალის რიცხვი, რათა მკაცრად გაკონტროლდეს რეგულაციების დაცვა.

 

 

ეპიდემიოლოგმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრეზიდენტმა, დოქტორმა გაბრიელ სკალიმ ჩატარებული კვლევა პოტენციურად სასარგებლოდ შეაფასა, თუმცა კვლევა ჯერჯერობით სრულად არაა განხილული. ლაიფციგის კვლევით დაინტერესდნენ ბელგიის, ავსტრალიის, დანიის უნივერისტეტებიც. ცდის ავტორებმა პოზიტიური შეფასებები და მხარდაჭერა მიიღეს სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებისგანაც. ვფიქრობ, აღნიშნული გერმანული კვლევის დასკვნები დადებითად იმოქმედებს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაზე და შთააგონებს სახელმწიფოებს, დაუშვან ლაივ კონცერტები და მისცენ მუსიკოსებს ცოცხლად შესრულების საშუალება !

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი