logo_geo
ბრაზილიის დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად „ლოქდაუნი“ გამოცხადდა
- +

27 თებერვალი. 2021. 11:10

 

„ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის გუბერნატორმა 24-საათიანი „ლოქდაუნის“ განკარგულება გასცა, რომელიც ყველა არააუცილებელ სერვისს შეეხება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ლოქდაუნი დღეს დაიწყება და დღეში 24-საათის განმავლობაში იმოქმედებს”, - განაცხადა ფედერალური რაიონის გუბერნატორის იბანეიშ როჩას პრესსპიკერმა.

 

მისი თქმით, შეზღუდვების ფარგლებში მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ეკლესიები და დამკრძალავი ბიუროები ღია დარჩება, მაგრამ ყველა დანარჩენი ობიექტი, მათ შორის ბარები და რესტორნები, დაიხურება.

 

დედაქალაქის ადგილობრივი მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასა და საავადმყოფოების გადატვირთვას უკავშირდება. „როიტერი“ წერს, რომ დედაქალაქში, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ისეთივე გადატვირთულია, როგორც გასულ წელს, პანდემიის პიკის დროს და საწოლების 80% -ზე მეტი დაკავებულია.

 

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, შეზღუდვების დაწესებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს ბრაზილიელებს ზიანს აყენებს.

 

„ხალხს ყველაზე მეტად მუშაობა სურს. ამიერიდან, გუბერნატორებს, რომლებიც დახურავენ თავიანთ შტატებს, მოუწევთ, დახმარების საკუთარი ძალებით აღმოჩენა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ცნობისათვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 65 169 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 1 337 ადამიანი კი- გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 10 455 630 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 252 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი