logo_geo
ენტონი ფაუჩი: სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსისთვის დაბრკოლებად იქცნენ
- +

17 მაისი. 2021. 12:53

 

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსისთვის დაბრკოლებად იქცნენ.

 

ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ენტონი ფაუჩიმ განმარტა, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებს, თუნდაც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ, შეუძლიათ პირბადე არ ატარონ, რადგან ვირუსის დონე მათ ცხვირ-ხახაში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ინფიცირება ფიქსირდება, ისინი ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან და ვირუსის დონე მათში იმდენად დაბალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადაცემა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

 

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციით მოქალაქეებს წვლილი შეაქვთ საზოგადოების ჯანდაცვასა და ვირუსის გავრცელების პრევენციაში.

 

13 მაისს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი გაიდლაინი გამოსცა, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

 

„მეცნიერება მკაფიოა ამ საკითხზე: თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენ დაცული ხართ და შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი საქმის გაკეთება, რისი გაკეთებაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ“, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი