logo_geo
BBC აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც, სავარაუდოდ, პრინცესა ლატიფაა გამოსახული
- +

22 მაისი. 2021. 19:57

 

 

„დუბაის მმართველის ქალიშვილი, პრინცესა ლატიფა, რომელიც რამდენიმე თვეა არ გამოჩენილა და რომლის შესაძლო სიკვდილის შესახებაც მსოფლიო პრესა აქტიურად წერდა, Instagram-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზეა ასახული,“ - ამის შესახებ BBC წერს.

 

ბრიტანულმა მაუწყებელმა თებერვალში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პრინცესა ამბობდა, რომ მძევლად იყო აყვანილი და შიშობდა, რომ მოკლავდნენ.

 

BBC წერს, რომ ფოტოს ავთენტურობას ვერ ადასტურებს და პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც არ აქვთ. მაუწყებლის სტატიის თანახმად, პრინცესას მეგობარი ადასტურებს, რომ ფოტოზე ნამდვილად ლატიფაა გამოსახული.

 

„ფოტოს გამოჩენასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოში დიდ ბრიტანეთში და გაეროში“, - წერს BBC.

 

აპრილში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა სამსახური არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან ითხოვდა მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის წევრი ცოცხალია.

 

35 წლის ლატიფა დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის ქალიშვილია. მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შესახებ კითხვები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დაისვა. ამის მიზეზი კი მის მიერ გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერები და მისი რამდენიმე მეგობრის განცხადებებია.​ ლატიფა და მისი მეგობრები ამბობენ, რომ პრინცესას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გადაადგილების უფლება ოჯახისგან შეზღუდული ჰქონდა და გაუსაძლისი პირობების გამო, ლატიფამ გაქცევა სცადა. 2018 წელს ის მეზობელ ომანში გაიქცა და იახტით საერთაშორისო წყლებში გასვლა მოახერხა, თუმცა ზღვაში 8 დღის გატარების შემდეგ, მათ იახტაზე დუბაის მმართველის დავალებით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, გაქცეული პრინცესა დააკავეს და ოჯახში დააბრუნეს. BBC-ის მიერ მოპოვებული ვიდეო-გზავნილში, პრინცესა ლატიფა აბაზანიდან საუბრობდა და ამბობდა, რომ ის ერთ-ერთ კარგად დაცულ ვილაში მისი ნების საწინააღმდეგოდაა გამოკეტილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი