logo_geo
რომის პაპი კანადაში, კათოლიკურ სკოლასთან, 215 ბავშვის ნეშტის აღმოჩენას გამოეხმაურა
- +

6 ივნისი. 2021. 16:04

 

რომის პაპმა ფრანცისკემ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და თქვა, რომ წუხს კანადაში, კათოლიკური სკოლის მიმდებარედ, 215 ბავშვის ნეშტის აღმოჩენის გამო, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

მან მოსახლეობას ადგილობრივთა უფლებებისა და კულტურის პატივისცემისკენ მოუწოდა. ასევე, მიმართა პოლიტიკურ და კათოლიკურ რელიგიურ ლიდერებს და თქვა, რომ „მათ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან“, რათა ნათელი მოეფინოს მომხდარს და შერიგება შესაძლებელი გახდეს.

 

ორი დღის წინ, ნეშტების აღმოჩენას კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდოც გამოეხმაურა და თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა კათოლიკურმა ეკლესიამ უნდა იტვირთოს.

 

მაისის ბოლოს, კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. მედიის ცნობით, კამლუპსის სკოლა-ინტერნატი აბორიგენი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იყო, რომელიც 1890 წელს გაიხსნა და 1969 წლამდე ფუნქციონირებდა და პიკის პერიოდში 500 მოსწავლეს იტევდა.

 

ზოგიერთი გარდაცვლილის ასაკი 3 წელს არ აღემატებოდა. ინდიელთა სათვისტომოში აცხადებენ, რომ მათი შვილები ვალდებულები იყვნენ, მსგავს სკოლა-ინტერნატებში ესწავლათ, ასეთი სასწავლო დაწესებულებები ცუდად ფინანსდებოდა, მასწავლებლები მოსწავლეებს ცუდად ექცეოდნენ, არაერთი მოსწავლე ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ტუბერკულოზს ემსხვერპლა. როგორც CNN-თან საუბარში სკოლის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე ჰარვი მაკლეოდი ამბობს, რომ სწავლის პერიოდში მისი არაერთი თანაკლასელი და მეგობარი გაუჩინარდა, თუმცა ყველას იმედი ჰქონდა, რომ მათ უბრალოდ გაქცევა მოახერხეს.

 

big_banner
არქივი