logo_geo
ალბანეთში 630 ათასი მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა
- +

24 დეკემბერი. 2021. 16:33

 

ალბანეთში სახელმწიფო რეესტრებიდან მონაცემთა მასშტაბურ გაჟონვას იძიებენ მას შემდეგ, რაც WhatsApp-ში ქვეყნის 2,8 მილიონი მცხოვრებიდან 630 000-ზე მეტის პერსონალური მონაცემი გავრცელდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Excel-ის ფაილები შეიცავს ინფორმაციას ხელფასის, თანამდებობების, დამსაქმებლების სახელებს და საიდენტიფიკაციო ნომრებს როგორც საჯარო, ისე – კერძო სექტორისთვის.

 

თავდაპირველად, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები გავრცელდა, ხოლო 23 დეკემბერს – 2021 წლის აპრილის მონაცემები.

 

ტირანიას პროკურატურამ, „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ გამო, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

 

პროკურატურამ საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს სერვერი და საგადასახადო ადმინისტრაციისა და სოციალური დაცვის ინსტიტუტის სერვერები ამოიღო.

 

ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ მომხდარში მთავრობა დაადანაშაულა, რომ მოქალაქეების პირადი მონაცემები დაუცველია.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მომხდარი ოპოზიციის მიერ „დაბნეულობის შექმნისა და არასტაბილურობისთვის ხელშეწყობის“ მცდელობად შეაფასა.

 

პორტალი Balkan Insight წერს, რომ ქვეყანაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. კერძოდ, აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მედია ტირანაში 910 ათასი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემთა ბაზას წააწყდა.

 

ვარაუდობდნენ, რომ ბაზა მმართველ სოციალისტურ პარტიას ეკუთვნოდა და მასში არსებული მონაცემები სახელმწიფო დაწესებულებების რეესტრებიდან იყო აღებული.

 

მმართველ პარტიაში ბრალდებას უარყოფდნენ და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია პირადი გასაუბრების გზით მიიღეს. საქმეს ამ დრომდე იძიებენ.

 

 

big_banner
არქივი