logo_geo
ევროპამ არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროექტი დაამტკიცა
- +

21 ივნისი. 2017. 21:52



ევროპამ დაამტკიცა ღრმა კოსმოსური ობსერვატორიის გაშვების პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს სხვა ვარსკვლავურ სისტემებში მდებარე სიცოცხლისათვის შესაფერის პლანეტათა შესწავლა და გაირკვეს, არის თუ არა რომელიმე მათგანზე რაიმე სახის სიცოცხლე.


„მისია PLATO მიმართული იქნება ისეთ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, როგორებიცაა „რამდენად ხშირია კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტები?" და „არის თუ არა ჩვენი მზის სისტემა უჩვეულო ან უნიკალური?" - აღნიშნულია ინგლისის უირვიკის უნივერსიტეტის განცხადებაში; პროექტში მათი მეცნიერებიც ჩაერთვებიან.


მრავალ მილიონ ევროდ ღირებულ პროექტს „შეეძლება თანდათანობით მოიძიოს არამიწიერი სიცოცხლე", - წერია განცხადებაში. 


მადრიდში გამართულ შეხვედრაზე, ევროპის კოსმოსური სააგენტოს  (ESA) კომიტეტმა მისიას მწვანე შუქი აუნთო, რაც იმას ნიშნავს, რომ „პროექტი ქაღალდიდან მშენებლობაში გადაინაცვლებს", - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.


კანდიდატი პროექტი პირველად სამი წლის წინ წარმოადგინეს და მაშინ, მისი ღირებულება 600 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.


26 ტელესკოპით აღჭურვილი PLATO შეუერთდება NASA-ს კეპლერის კოსმოსურ ობსერვატორიას და მასთან ერთად მოძებნის ჩვენი მზის მიღმა მდებარე სხვა ვარსკვლავებთან არსებულ პლანეტებს.


სხვათა შორის, კელპერს უკვე აღმოჩენილი აქვს 3400 ეგზოპლანეტა.


მათგან 30 პლანეტა დედამიწაზე თითქმის ორჯერ დიდია და თავიანთ დედა-ვარსკვლავის გარშემო ე. წ. სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ - არც ისე ახლოს, რომ წყალი აორთქლდეს და არც ისე შორს, რომ გაიყინოს.


თხევადი წყალი საკვანძო მოთხოვნაა სიცოცხლის იმ ფორმისათვის, რომელიც ჩვენ ვიცით.


PLATO (PLAnetary Transits and Oscillations of stars) ჩვენგან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაეშვება კოსმოსში და მონიტორინგს გაუწევს ათასობით ვარსსკვლავს ცის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე.


ტელესკოპი მოძებნის სინათლის ჩაბნელებებს, რომლებიც გამოწვეული იქნება პლანეტის ტრანზიტით, ანუ ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტების ჩავლით ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის.


პლანეტები საკუთარ სინათლეს არ გამოყოფს. ისინი შავი წერტილების სახით ხილვადნი ხდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც კაშკაშა ვარსკლვლავის წინ ჩაივლიან.


ESA-ს განცხადებით, PLATO 2026 წელს გაეშვება.


ეგზოპლანეტათა ძიებაში წვლილი შეაქვს სხვა პროექტებსაც. მათ შორისაა NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი და მრავალი სახმელეთო ობსერვატორია.


ისეთი პლანეტის ძიება, რომელსაც შესწევს უნარი ხელი შეუწყოს და აღმოაცენოს სიცოცხლე, მაინც შორეულ საქმიანობად რჩება, რადგან მზის სისტემა არც ერთ ასეთ პლანეტასთან საკმარისად ახლოს არაა იმისათვის, რათა კაცობრიობა მას მისწვდეს, სანამ არ შევქმნით დროში მოგზაურობის შესაძლებლობას.


გარდა ამისა, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაამტკიცა კიდევ ერთი პროექტი LISA (Laser Interferometer Space Antenna), რომლის დანიშნულება გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვება იქნება - ფენომენი, რომელიც ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოიქმნება.


ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიერ საუკუნის წინ ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება მხოლოდ შარშანღა მოხერხდა, დედამიწაზე არსებული ინსტრუმენტების საშუალებით.


LISA შედგენილი იქნება სამ სხვადასხვა ხომალდზე მოთავსებული დეტექტორებით; ეს ხომალდები ერთმანეთისგან 2,5 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული და განლაგდება დედამიწის ორბიტაზე მზის გარშემო.


LISA-ს გაშვება 2034 წელს იგეგმება. 


მისიის ფასი დაახლოებით მილიარდი ევროა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი