ბუკა კობეშავიძე: მსოფლიოში საკეისრო კვეთის გართულებების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა!

საკეისრო კვეთა, ისევე როგორც ნებისმიერი ქირურგიული მანიპულაცია გარკვეულ რისკებთან და გართულებებთან არის დაკავშირებული. როგორია საკეიროს შემდგომი მოსალოდნელი გართულებები და რატომ არის მნიშვნელოვანი ინფექციის კონტროლის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა სამედიცინო დაწესებულებებში? აღნიშნული საკითხის შესახებ მეანგინეკოლოგი, სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის კლინიკური მენეჯერი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ბუკა კობეშავიძე გვესაუბრება. 

ბატონო ბუკა, ბოლო წლებში მომრავლდა ორსულთა რიცხვი, რომელიც მშობიარობის საუკეთესო და კოფორტულ გზად საკეისრო კვეთას მიიჩნევს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ აღნიშნული პოზიცია?

ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია. საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში, როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა საფრთხეს უქმნის დედის ან ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 რა შემთხვევაში შეიძლება იქნას ნაწარმოები საკეირო კვეთის ოპერაცია?

 არსებობს საკეისრო კვეთის აბსოლუტური და კომლექსური ჩვენებები. აბსოლუტური ჩვენებაა პლაცენტის სრული წინმდებარეობა, ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობები: ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, ნაყოფის ტერფებით წინმდებარეობა. კომპლექსური ჩვენებაა, როდესაც ორსულს გარდა სამეანო პათოლოგიისა, აქვს საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მხედველების სისტემის და სხვა პათოლოგიები.

ბატონო ბუკა, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეირო კვეთას?

 მსოფლიოში საკეისრო კვეთის გართულებების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 10%-დან 20%-მდეა! საკეისრო კვეთა მეტად რთული და გართულებების მხრივ საკმაოდ საშიში ოპერაცია გახლავთ. საკეისრო კვეთას შეიძლება მოჰყვეს თრომბო-ემბოლიური და სეპტიური  გართულებები. შეიძლება ჭრილობა დაჩირქდეს, დაიწყოს საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება, განვითარდეს ნაკერის უკმარისობა, საშვილოსნო დაინფიცირდეს და მისი ამოკვეთა გახდეს საჭირო. ასევე შეიძლება გართულებები დაიწყოს ოპერაციის მსვლელობის დროსაც. კერძოდ, განითარდეს  სისხლდენა, სადაც გამოსავალს მხოლოდ საშვილოსნოს ამოღება წარმოადგენს.  თუნდაც ყველაფერი კარგად დასრულდეს, საკეისრო კვეთის შემდგომ 2-3 წელი ორსულობა რეკომენდირებული აღარ არის. ასევე შეზღუდულია შვილოსნობა, რადგან საშვილოსნოს კუნთის რეგენერაცია დაუსრულებლად არ ხდება. ნაკეისრალ ქალს ნაწიბუროვანი საშვილოსნო რჩება. ნაწიბუროვან საშვილოსნოზე კი გართულებები გაცილებით მეტია.

როგორც ხედავთ, საკეისრო კვეთის პროცესში წარმოქნილი ან შემდგომი გართულებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ოპერაციის შემდეგომ განვითარებულ ქირურგიული ადგილის ინფექციებს მოჰყვება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე, შეშუპება ან გამონადენი ჭრილობიდან. ინფექციის სისტემური ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას და გაძლიერებულ ტკივილსაც ნაწიბურის არეში.

საკეისრო კვეთის შემდეგ შესაძლია ასევე განვითარდეს ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ქალებს, რომლებსაც უტარდებათ საკეისრო კვეთა, აქვთ სისხლის შედედების განვითარების გარკვეული რისკი, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გამოჯანმრთელების დროს უმოძრაობა და სისხლის შედედების ცვლილებების ფაქტორები. შესაძლოა იყოს ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, რესპირატორული პრობლემები ან ნერვის დაზიანება, შეიძლება მოხდეს საკეისრო კვეთის დროს ან მის შემდეგ.

 შესაძლებელია, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ განვითარდეს საშარდე გზების ინფექციები?

 საშარდე გზების ინფექციები შეიძლება განვითარდეს მშობიარობის შემდეგ, მათ შორის საკეისრო კვეთის შემდეგ, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა კათეტერიზაცია ოპერაციის დროს ან მშობიარობის შემდგომი ინფექციისადმი მგრძნობელობის გაზრდა. ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით, საკეისრო კვეთის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი გაცილებით უფრო ხანგრძლივია. საკეისრო კვეთამ შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი შემდგომ ორსულობებზეც.

 ცნობილია, რომ ინფექციები ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის, მათ შორის საკეისრო კვეთის, პოტენციური გართულებაა. რამდენად ხშირია საკეისრო კვეთის შემდგომ სეფსისის განვითარების რისკი?

 მძიმე სეფსისი ან სეპტიური შოკი საკეისრო კვეთის შემდეგ შედარებით იშვიათ გართულებას წამოადგენს. საკეისრო კვეთის შემდეგ სეფსისის სიხშირე გლობალურად განსხვავდება და გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ინფექციის კონტროლის ზომები და მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობა.

მსოფლიო გამოცდილებისა და კვლევების მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კარგად არის განვითარებული ჯანდაცვის სისტემები და მკაცრი ინფექციის კონტროლის პროტოკოლები არსებობს, სეფსისის სიხშირე საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით და საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, მძიმე სეფსისის სიხშირე საკეისრო კვეთის შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში 0,5%-დან 2%-მდე მერყეობს. ხოლო განვითარებად ქვეყნებში სეფსისის შემთხვევების უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში მძიმე სეფსისის სიხშირე საკეისრო კვეთის შემდეგ შეიძლება 5%-დან 10%-მდე იყოს.

 რა ზომების მიღება არის აუცილებელი სეფსისის პროფილიქტიკისათვის?

 სეფსისის შემთხვევების შემცირების მცდელობები საკეისრო კვეთის შემდეგ მოიცავს გაუმჯობესებულ ქირურგიულ ტექნიკას, სტერილიზაციის მაღალ სტანდარტს, ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენებას, პოსტოპერაციული ინფექციების ადრეულ გამოვლენას და მართვას. ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს გართულებების რისკის მინიმუმამდე შემცირებას და შედეგების გაუმჯობესებას როგორც დედებისთვის, ასევე ჩვილებისთვის.

ინფექციების კონტროლის მუდმივი მონიტორინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს გართულებების რისკის შემცირებაში და უსაფრთხო შედეგების უზრუნველსაყოფად დედებისთვის და ახალშობილებისთვის.

 ბატონო ბუკა, როგორი მიდგომებია ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და რა კეთდება კონკრეტულად თქვენს კლინიკაში ინფექციების კონტროლის თვალსაზრისით?

 საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში პრიორიტეტს წარმოადგენს სამედიცნო დაწესებულებებში ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხვედველობა, პრევენცია და კონტროლი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია.

„იმედის კლინიკაში“ ინფექციის კონტროლი ხორციელდება კომპლექსურად და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ინფექციის კონტროლის ძირითადი ღონისძიებები (სტანდარტული და დამატებითი უსაფრთხოების ზომები), სამედიცინო პერსონალის განათლება და ტრენინგები, სამედიცინო პერსონალის დაცვა სხვადასხვა ინფექციებისაგან (იმუნიზაცია), ინფიცირების საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის მინიმუმამდე დაყვანა, ინფექციური კონტროლის რუტინული პრაქტიკა – ასეპტიკა, ერთჯერადი ხელსაწყოების გამოყენება, სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია, ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება, სამედიცინო მასალების სტერილობაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი, სისხლის და მისი პროდუქტების შენახვა და მოხმარება, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ინფექციური კონტროლის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის, კლინიკაში ჩამოყალიბებულია ინფექციის კონტროლის კომიტეტი.

 რაში მდგომარეობს კომიტეტის საქმიანობა?

 კომიტეტი მონიტორინგის გზით ზედამხედველობას უწევს ინფექციურ პროცესებს და ინციდენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ინფექცია. შემთხვევების სტატისტიკის განხილვა კომიტეტს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს პრობლემური საკითხები. განახორციელოს მაკორექტირებელი ქმედებები და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები. ინფექციების შემთხვევაში კომიტეტი ატარებს გამოკვლევას პრობლემური მიზეზების აღმოსაჩენად და ამზადებს რეკომენდაციებს არსებულ პროტოკოლში ცვლილებების შესატანად. კონკრეტული ინციდენტობის მონიტორინგთან ერთად კომიტეტი ასევე მუდმივად ცდილობს შეაფასოს დაგეგმილი პროცესები და პროცედურები კონტროლის სრულყოფის მიზნით.

კლინიკაში სწორად გატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა ღონისძიებებმა მინიმუმამდე დაიყვანა ნოზოკომიური ინფექციების რიცხი.

ნოზოკომიური ინფექციის დაფიქსირების შემთხვევაში კლინიკაში ხდება მათი აღრიცხვა, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი. ხდება გამომწვევი მიზეზების ძიება და მთლიან ეპიდემიოლოგიურ ჯაჭვზე დაკვირვება, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და ეპიდემიოლოგიური ანალიზის წარმოება.

 და ბოლოს, რა დადებითი შედეგები მოგცათ აღნიშნულმა მიდგომამ?

 აღნიშნული მიდგომისა და ინფექციის კონტროლის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის ფონზე „იმედის კლინიკაში“ ქირურგიული ჩარევის მიდამოს და ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ეპიდზედამხედველობა სამკურნალო პროცესსა და სამედიცინო პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობაზე – უზრუნველყოფს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ