„საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას“, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
„რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით – დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს“, – განაცხადა ვახტანგ გომელურმა.