„ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს“, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას.
„ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს და ესროლოს სხვადასხვა საგნები და სცადონ მათი ღირსების შელახვა. ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის. მაშინ, როცა 24 საათის განმავლობაში შენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან მართული მოქალაქეებისგან ისმინო შეურაცხყოფები.
თითოეული პოლიციელის უკან დგას მათი ოჯახები, შვილები, მშობლები და დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთულია ამ ყოველივეს მოსმენა. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და ვთქვა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, თქვენ ყველას, ვინც მხარს უჭერდა პოლიციელებს იმ მძიმე ღამეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.