შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: ინტერპელაციაზე მინისტრის მოწვევა და შემდეგ ამის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური განცხადებებისთვის, ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია

„ბატონო არმაზ, როგორც ვხვდები, ფემიციდის და ნარკოდანაშაულებრივი საკითხი თქვენ არ გაწუხებთ, იმიტომ, რომ ამაზე არ ისაუბრეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ინტერპელაცია სპეციფიკური პროცედურაა და თუ დეპუტატები თემიდან გადაუხვევენ, მას რეგლამენტით აქვს შესაძლებლობა, დეპუტატებს გამოსვლა შეაწყვეტინოს.

„არ მინდა დისკრედიტირება მოვახდინოთ საპარლამენტო პროცედურების, იმიტომ, რომ გამოდის, რომ თუკი თქვენ ბოროტად გამოიყენებთ ინტერპელაციის პროცედურებს, საპასუხო ნაბიჯებიც მაშინ შეიძლება იყოს ამის. რეგლამენტში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა პოლიტიკური დებატების. თუ რაღაც საკითხებია, რომელიც გაწუხებთ და ფიქრობთ, რომ საჭიროა ამაზე განსჯა, არის დებატების პროცედურა, რომელიც უფრო სამართლიანად ანაწილებს, მათ შორის, დროს და შესაძლებლობას, იყოს შეპასუხების საშუალება. ინტერპელაციაზე მინისტრის მოწვევა და შემდეგ, ახლა ჩვენ დაახლოებით 2 საათი გვაქვს წინ გამოსვლების, ამის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური განცხადებებისთვის, ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია და სხვათა შორის, რეგლამენტით შემიძლია კიდევაც შეგაწყვეტინოთ გამოსვლა, თუკი თემიდან იქნება გადახვევა. ამას არ ვაკეთებ, მაგრამ თუ სისტემატურად მოხდება არასწორი ინსტრუმენტების გამოყენება, ამის შესაძლებლობაც არსებობს. კიდევ ერთხელ, თუ რაღაც არის სადებატო, არის პოლიტიკური დებატის ფორმატი და მოითხოვეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ