„რა რუსეთზე და რა ევროპაზე ლაპარაკობთ, ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ“,- მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქმედებებზე ისაუბრა.
„რუსული იყო ის, ტერიტორიები რომ ჩააბარეთ, მერე რეზოლუციაზე რომ მოუწერეთ ხელი და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში, ხოლო შემდეგ ლარსის გამშვებ პუნქტზე რომ ხვდებოდით, შემობრძანდით ყველანიო – ეს არის რუსული პოლიტიკა. მედია რომ დაატერორეთ, დააპატიმრეთ ჟურნალისტები, ეს არის რუსული პოლიტიკა და ეს იყო რუსული ინტერესების გატარება. ადამიანები რომ დაასამარეთ, ბიზნესს რომ არეკეტებდით, 300 000 ადამიანი რომ გაატარეთ უკიდურეს წნეხში პენიტენციურ სისტემაში, ეგ იყო რუსული საქმეები და ხომ არ გავიწყდებათ, რომ მინისტრები გყავდათ რუსეთის მოქალაქეები, თქვენ ვის რას ელაპარაკებით? მგონი, ახლაც გყავთ მოქმედი ლიდერები აქაც, პარლამენტში რუსეთის მოქალაქეები. მატყუარებო, როგორ ბედავთ ხალხის მოტყუებას საერთოდ? თქვენ მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს, ხომ არ დაგავიწყდათ ეს ყველაფერი? არ მოგწონთ ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა ამ ქვეყანაში, ევროპული წარმატებები. არ მოგწონთ, რადგან ხართ პოლიტიკური ეგოიზმის მქონე ეგოცენტრული პოლიტიკური ჯგუფი“, – მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ.