გიორგი ვოლსკი: არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია

„შეიძლება არის პოლიციის მხრიდან რაღაც  გადაცდომები, რომელსაც სამინისტრო გააანალიზებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში ის პოლიციელი, რომელიც იქ იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის. ეს არ არის ლიტონი სიტყვა. ის პოლიციელებიც ჩვენი შვილები არიან და როცა საჭირო იქნება, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად დადგებიან“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას მოუსმინეს.

მისი თქმით, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, ვინ არის პრორუსული ძალა.

„რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში. არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან თავის გამოსვლაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტზე და განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს საქართველოა, რომელსაც თავისი ღირსება, თავისი პოზიცია და წონა უნდა გააჩნდეს საერთაშორისო  ასპარეზზე. ასე რომ მართლაც, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, მშვიდობა საქართველოს! და სწორედ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენი ერის, ჩვენი ახალგაზრდების და თითოეული ჩვენგანისთვის აჯობებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ასევე იხილეთ