აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა 19 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ რვა სასაზღვრო სოფლის მახლობლად საზღვრების დელიმიტაციის შესახებ წინასწარი შეთანხმების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფისმა სააგენტო Armenianpress-სთან ინტერვიუში განმარტა.
საზღვრების დელიმიტაცია შეთანხმებულია სომხური სოფლების ბაგანისის, ვოსკეპარის, კირანცისა და ბერქაბერისა და აზერბაიჯანული სოფლების ბაღანის-აირუმის, აშაგი-ასკიფარის, ხეირიმლისა და ყიზილ-გაჯილის საზღვრებთან.
„ეს ნიშნავს, რომ ორმა კომისიამ რუკაზე ხელახლა შექმნა საზღვრები, რომლებიც ზემოხსენებულ სოფლებს შორის საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. შემდეგ ეტაპზე ეს საზღვრები უნდა დაზუსტდეს და ადგილზე აისახოს. ეს იქნება უპრეცედენტო მოვლენა: პირველად, ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია მოხდება ამ ოთხი სოფლის მიდამოებში“, – აცხადებენ ფაშინიანის ოფისში.
მათ განმარტეს, რომ დელიმიტაცია საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკების საფუძველზე შეათანხმეს და ის აღადგენს საზღვრებს, „რომლებიც საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის დე იურედ არსებობდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ტერიტორიულ დათმობებზე“.
სომხური მხარე ასევე პირობას დებს, რომ ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალები ოთხივე სოფლის ტერიტორიიდან გავლენ და მათ სასაზღვრო ძალები ჩაანაცვლებენ. ეს კი შეფერხებების გარეშე, გონივრულ ვადაში მოხდება.
მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთს მოსთხოვა, რომ ბაქოსთვის 4 სასაზღვრო სოფელი დაებრუნებინა, რომლებსაც 1990-იანი წლებიდან სომხეთის მხარე აკონტროლებდა. ამის შემდეგ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა, რომ ეს დასახლებები სომხეთის ტერიტორიის ნაწილი არ არის.