შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში
„ზედაპირული განცხადებები აჩენს იმის აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
იგი გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის არის ორიენტირებული არგუმენტირებული მსჯელობისთვის და თავს მოხვეულ დოგმებს ეწინააღმდეგება. პაპუაშვილს მიაჩნია, რომ საერთაშორისო პარტნიორების გზავნილს შინაარსი აკლია. ასევე, მათ მიერ დასმულ მთავარ კითხვაზე – რატომ? პასუხი არ არის.
„რამდენი ხანია, ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას, რატომ? – ამაზე პასუხი არ გვაქვს არც შიგნით ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოებისგან“ და არც – გარეთ ზოგიერთი პარტნიორისგან. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ სინამდვილეში აქ არის სხვა მოტივები, რომ უცხოური დაფინანსება გაუმჭვირვალე გახდეს. თუკი შევხედავთ სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა თანამშრომლის განცხადებას, 7-8 განცხადება იყო, ნაცვლად ამ ნერვიულობისა და განცხადებებისა, შვიდჯერ შეეძლოთ გამოექვეყნებინათ, მაგალითად, დემოკრატიის ნაციონალური ფონდის პროექტების სია, რომელსაც მე პირადად დამპირდნენ ერთი წლის წინ და ეს დაპირება რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ ამას საზოგადოებისთვის საჯაროს გახდიდნენ. ეს დაპირება ცრუ აღმოჩნდა.
შემთხვევით ვიგებთ-ხოლმე, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაში პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად. მათ შორის, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების პროექტებში, როგორიც არის „სირცხვილია“. ამიტომ, აქ სწორედ ეს ზედაპირული განცხადებები აჩენს იმის აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.