რატი ბრეგაძე: კატეგორიულად მიუღებელია, ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე
„ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისივე თქმით, დასაბუთებული აზრის პატივისცემა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია.
„სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ჰყვებოდა.
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია.
დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის“, – წერს ბრეგაძე.