ლავროვი: შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“ გადაიქცა. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
ლავროვის თქმით, რუსეთისთვის შვეიცარია, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პლატფორმა, „უბრალოდ, შესაფერისი არ არის“.
„ის არ არის ნეიტრალური მხარე, ის ნეიტრალურიდან ღიად მტრულ სახელმწიფოდ გადაიქცა“, – დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ კვლავ უარყო. თუმცა თქვა, რომ მოსკოვი „პატივს სცემს“ ჩინეთის პოზიციას, რომელიც რუსეთისთვის და უკრაინისთვის „მისაღები“ სამშვიდობო კონფერენციის მოწვევას სთავაზობდა. დეტალები ლავროვს არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.