ეკა სეფაშვილი: ვის რაში აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს
„გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს.
„უკრაინის ომი ჯერ არ დამთავრებულა და მის დამთავრებას პირიც არ უჩანს; ახლო აღმოსავლეთშიც, იმის ნაცვლად, რომ სამხედრო ესკალაცია შეამცირონ, პირიქით, ეს კონფლიქტი უფრო ფართოვდება და ახალ-ახალი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, საქართველოს მიმართ ინტერესი, როგორც ტერიტორიისადმი და არა როგორც სახელმწიფოს მიმართ, სულ უფრო იზრდება.
ასეთი არგუმენტებიც მომისმენია – ხომ იციან, რომ საქართველო წააგებს და რაში უნდა აწყობდეს ვინმეს მისი ომში ჩართვაო. ვის რაში აინტერესებს, წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე?! ეს ტერიტორია არის გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან საინტერესო, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს. სწორედ ეს აინტერესებთ. ახლანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და სწორედ ამიტომ ცდილობენ მის შეცვლას ყველანაირი გზით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.