შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები შვედეთის დედაქალაქის, სტოკჰოლმის, მუნიციპალიტეტის საბჭოს თავმჯდომარეს, ოლლე ბურელს, შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-შვედეთის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასეს და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზაობა გამოთქვეს. საუბრისას განიხილეს ისეთი თემები, როგორებიც არის – საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში თბილისის საკრებულოს ხედვები, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქალაქების დაგეგმარებისა და მართვის შვედური მოდელი. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები დასახეს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გუდრუნ ბრუნეგორდთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან – შვედეთის როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
აღნიშნული შეხვედრების გარდა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები შვედეთის ისტორიულ საუნივერსიტეტო ქალაქ უფსალაში იმყოფებოდნენ და ქალაქის მუნიციპალიტეტის საბჭოს (საკრებულოს) ვიცე-პრეზიდენტს, კარლ ლინდბერგს და უფსალას უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ლარს ბურმანს, შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს წევრები უფსალას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალურ საცავში საქართველოს შესახებ დაცულ უნიკალურ დოკუმენტებს, რუკებსა და იშვიათ წიგნებს გაეცნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ბიბლიოთეკის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვიზიტის დასასრულს თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტოკჰოლმის ხანდაზმულთა ადმინისტრაციას ეწვია, სადაც შვედეთის წამყვანმა ექსპერტებმა პრეზენტაცია გამართეს ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკისა და ხანდაზმულთა სოციალური სერვისების შვედური სისტემების შესახებ. თბილისის საკრებულოს დელეგაციის შეხვედრებში მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული.