ბექა ოდიშარია: როგორ დავიჯერო, რომ ვერ ხვდებიან, რა არის განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და იმ ხალხს შორის, ვინც ცალ ფეხზეა დამდგარი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „დღის ქრონიკაში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
ოდიშარიას თქმით, „ქართული ოცნება“ პოზიციონირებით ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
„ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და მეგობრები. ეს არ მოსწონთ? თუ არ მოსწონთ და სხვაგვარად უნდათ პოზიციონირება მოხდეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამას ვერ მოესწრებიან.
სურთ, რომ ჰყავდეთ მეგობრები? სურთ, რომ ჰყავდეთ ნამდვილი პარტნიორები? – აქ ვართ! სურთ, რომ ჰყავდეთ ორ ფეხზე მყარად დამდგარი მეგობრები და პარტნიორები? – აქ ვართ! თუ ეს ცალ ფეხზე მდგომი სურთ, მაშინ აქ არიან!
როგორ დავიჯერო, რომ ვერ ხვდებიან, რა არის განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და იმ ხალხს შორის, ვინც ცალ ფეხზეა დამდგარი“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებსა და გაწევრიანების ტრაექტორიას“, – წერს შარლ მიშელი.