რატი იონათამიშვილი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ – ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა
„მამული, ენა, სარწმუნოება“ – ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ვიც ამ სიტყვებს განგებ ამახინჯებს, ის საქართველოს მტერია.
„23 წლის იყო ილია ჭავჭავაძე, როდესაც თავის პირველ კრიტიკულ წერილში, ერთი ამოსუნთქვით გახაზა ჩვენი ერის და სახელმწიფოს ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეა. მისივე თქმით, „სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც მამა-პაპათაგან დაგვრჩა: “მამული, ენა, საწრმუნოება“ და იქვე თქვა: – „თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით?… ესა საღმრთო რამ არის. მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“.
ესე ძლიერად, ყველა თაობის მისია, გიორგი მერჩულეს შემდეგ არავის ჰქონდა ნათქვამი – „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მთავარ იდეას გამოხატავდა – ერთიანი საქართველოს იდეას და მართლაც, არავის არ გაუკეთებია საქართველოს გაერთიანებისთვის იმდენი, რაც გრიგოლ ხანძთელმა და მისმა საღვთისმეტყველო სკოლამ გააკეთა.
შემთხვევითი არ იყო, რომ ეროვნული მოძრაობის სულიერი აღორძინების იდეად ილიას სიტყვები იქცა. ზვიად გამსახურდიას თქმითვე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც; სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან”.
“მამული, ენა, სარწმუნოება“ – ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა. ის ზნეობრივ იდეასთან ერთად ჩვენს უმთავრეს ეროვნულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს, თითოეული ჩვენგანის გენეტიკური კოდია. ვინც შეუგნებლად ამახინჯებს მას, ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ილია ჭავჭავაძის და გიორგი მერჩულეს შემოქმედება, ხოლო ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია“, – წერს დეპუტატი.