მრავალმხრივ ნიჭიერი სერ ოთარ ტატიშვილი და მოულოდნელი პირდაპირი ეთერი BBC-ში
ეს პიროვნება რომ საოცარი ესთეტია, მის მუსიკასა და ნახატებში ერთნაირად იგრძნობა. პოპულარულ კომპოზიტორს, ოთარ ტატიშვილს თავისი ნახატებითაც შეეძლო, სახელი გაეთქვა. ბავშვობაში არა ერთხელ მოუსმენია საქებარი სიტყვები ეკატერინე ბაღდავაძისა და გოგი თოთიბაძისგან. მუსიკა იმ დროსაც იყო მის ცხოვრებაში – მაშინ პიანინოზე დასაკრავად მეზობელთან შედიოდა ხოლმე. საბოლოოდ, სახვითი ხელოვნებით გატაცება მუსიკის სიყვარულმა გადაწონა.
ერთ დღეს გამორჩეული ხელწერის მქონე პროფესიონალი უცხოეთის მუსიკალურმა სამყარომაც გაიცნო. ალბათ იშვიათი შემთხვევაა, როცა კომპოზიტორს ერთნაირად შეუძლია, საესტრადო ჟანრის მიმდევრების, სიმფონიური მუსიკის მოყვარულებისა და ელტონ ჯონის ფან-კლუბის წევრების ყურადღება მიიქციოს და ყველა შემთხვევაში, წარმატებული გახდეს.
– ბატონო ოთარ, თუ შეიძლება გაიხსენეთ ამბავი, როდესაც თქვენს გამო ორი პროფესიონალი წაკამათდა, რა გახდა ამის საბაბი?
– ეს ბავშვობის დროინდელი ამბავია, რომელიც ორ პატივსაცემ პიროვნებას უკავშირდება. ერთხელ, როცა ჩემი მუსიკის პედაგოგთან, ქსენია ჯიქიასთან ვიყავი, ოთახში ცნობილი მხატვარი, ეკატერინე ბაღდავაძე შემოვიდა. თურმე მუსიკალური სასწავლებელი მას შეხვედრას უწყობდა. როცა დამინახა, ღიმილით მისაყვედურა: ოჰ, შე მოღალატე! შემდეგ ქსენიას მიუბრუნდა და უთხრა: თქვენ მე უნიჭიერესი მოწაფე წამართვითო!. თავის მხრივ, ქსენიამაც მიუგო: რას ბრძანებთ, ოთარი თქვენი კი არა, ჩემი საუკეთესო მოწაფეაო! რა თქმა უნდა, მათი კამათი ჩხუბში არ გადაზრდილა, რადგან ორივე მიხვდა, რომ ხუმრობდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ყველა ხუმრობაში ჭეშმარიტების მარცვალია.
– რა არის თქვენთვის ჩვეული მუსიკასა და მხატვრობაში?
– მიუხედავად იმისა, რომ ახლად შექმნილ ნაწარმოებებში სულ ვცდილობ, არ გავმეორდე, მაინც მეუბნებიან, შენს ხელწერას ვცნობთო. გამეორება არც მხატვრობაში მჩვევია. აკადემიურ, აბსტრაქციულ, სიურრეალისტულ სტილში ვხატავ. მართალია, სიახლეები მიყვარს, მაგრამ ნახატებს, როგორც ამბობენ, ჩემეული ხელწერა მაინც ეტყობა. საერთოდ ცარიელი ფორმები და აზრისგან დაცლილი მუსიკა არ მიყვარს.
– ქართველ ელტონ ჯონს რატომ გეძახიან?
– ელტონ ჯონის მუსიკა და პიანიზმი ყოველთვის მომწონდა. სხვათა შორის, მის მუსიკას ისე ვუკრავდი, რომ ელტონის შესრულებისგან ძნელად განასხვავებდით. შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცის, რომ მე ელტონ ჯონის საერთაშორისო ფან-კლუბის წევრი ვარ. მათ ინგლისში არაერთხელ მიმიწვიეს. იმ კლუბში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სერიოზული ხალხია გაერთიანებული. როცა ელტონ ჯონის ფან-კლუბში ჩანაწერები გავაგზავნე, მათ მომღერლის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვევა გამომიგზავნეს.
– ლარნაკით მორთმეული ჰონორარი – ასეთი რამ თუ გახსენდებათ თქვენი ცხოვრების მანძილზე?
– ერთხელ, ელტონ ჯონისადმი მიძღვნილი ჩემი სიმღერა შევასრულე კლუბში, სადაც ის წლების მანძილზე მცირე გასამრჯელოს ფასად უკრავდა. იმ კონცერტს სხვადასხვა ქვეყნის ფან-კლუბებიდან ჩამოსულები ესწრებოდნენ. როცა ვუკრავდი, ფრანკფურტიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა კოორდინატორმა მაგიდაზე დიდი ლარნაკი დადგა და მასში 50-ფუნტიანი კუპიურა ჩადო. ამის მერე მას ბევრმა მიჰბაძა. დაკვრა რომ დავასრულე, ლარნაკიდან ამოღებული ფული გადმომცეს, საკმაოდ დიდი თანხა იყო. ჩემი თავაზიანი უარის მერე, მათი ნაწყენი სახეები რომ დავინახე, სხვა გზა არ მქონდა -დავთანხმდი. თანაც, ასეთ ძვირიან ქვეყანაში ჩასულს, ეს თანხა ნამდვილად არ მაწყენდა.
– ამის მერე მომღერალის ფან-კლუბთან შემოქმედებითი კავშირი არ გაგიწყვეტიათ…
– სხვათა შორის, მომღერლის ფან-კლუბის ვებ-გვერდი, ელტონის „ჰერკულესის“ ქავერის ფონზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი შესრულებული სიმღერით იხსნებოდა. საიუბილეოდ გამოცემულ CD დისკში კი, რომელიც მსოფლიოში გაავრცელეს, ჩემი შესრულებული შვიდი სიმღერა შეიტანეს.
– ვიცი, რომ 1996-1997 წლებში, რადიომენეჯმენტის განხრით, სტაჟირება BBC-ის ტელე-რადიოკომპანიაში გაიარეთ. რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
– BBC-ში ყოფნის დროს, ფორტეპიანოზე დაკვრა მონატრებული მქონდა, რადგან ბინაში, სადაც ვცხოვრობდი, ინსტრუმენტი არ იყო. ერთხელ ტელე-რადიოკომპანიის ერთ-ერთ სტუდიაში ჩართული სინთეზატორი აღმოვაჩინე. გარშემო არავინ ჩანდა, ამიტომ ინსტრუმენტთან მივედი და ფრთხილად, ჩუმი ბგერით დაკვრა დავიწყე. მერე, ისე შევედი აზარტში, რომ კომპოზიციის შესრულება უფრო თამამად გავაგრძელე. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯერე გული და როცა დაკვრა დავასრულე, მქუხარე ტაშის ხმა გავიგონე. გავვოცდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუდიაში არავინ იყო. თურმე კომუნიკაციები ჩართული ყოფილა და კომპანიის მთელ ტერიტორიაზე მყოფი ხალხი სინთეზატორზე დაკრულ ჩემს კომპოზიციას დინამიკებში უსმენდა.
– როგორც ვხვდები, ეს ამბავი ამით არ დამთავრდებოდა…
– ცოტა ხანში სტუდიაში ცნობილი რადიოწამყვანი შემოვიდა და დაჟინებულად მთხოვა, რომ 20 წუთში, პირდაპირ ეთერში ინტერვიუ მიმეცა და კომპოზიცია შემესრულებინა. ცოტა არ იყოს, დავფრთხი და ვუთხარი: იქნებ, სხვა დროს იყოს, მოვემზადები-მეთქი. არაო, – იუარა, ჩვენ ძალიან მოგვეწონა ის, რაც მოვისმინეთო. თუ დამშვიდება გინდათ, აქვე, პაბში მიბრძანდით, ერთი კათხა ლუდი მიირთვით და დამშვიდდებითო. მართლა ძალიან ვინერვიულე, რადგან პირდაპირ ეთერში ინგლისურად უნდა მესაუბრა. გავითვალისწინე მისი რჩევა, ლუდი მივირთვი და ცოტათი დავმშვიდდი. საბოლოოდ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ბოლოს ისე გავთამამდი, რომ საქართველოზეც ვისაუბრე. ეთერში ჩემი ჩანაწერებიც გაუშვეს და კომპოზიციები ცოცხლადაც დავუკარი. იმ დღეს მსმენელის ბევრი ზარი შემოვიდა და მეც კმაყოფილი დავრჩი.