ანრი ოხანაშვილი ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის გადმორიცხვაზე: ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ჩანს, მათი პერსპექტივიდან ახლა ხელსაყრელი პირობებია, რომ დაფინანსება მიიღონ და როგორც ჩანს, არ ელოდნენ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფაქტია, ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საუბარია გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან რუბლებში. ოხანაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება ევროპულ ღირებულებებთან კავშირში არ არის, მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ასეთი ხალხი ყოველთვის მხილებული უნდა იყოს.
“ეს მეტყველებს ბევრ რამეზე, ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც ჩანს, მათი პერსპექტივიდან ახლა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია, რომ ეს დაფინანსება მიიღონ და როგორც ჩანს, არ ელოდნენ იმას, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო და მოქალაქისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ფაქტია, რომ ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და ეს არის რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.