შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა ზუსტად იმდენივე უნდა იცოდეს არასამთავრობო სექტორზე, რამდენიც იცის საჯარო სექტორზე
“ოპოზიციამ შარშანდელთან შედარებით ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების იმხელა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, როგორც მაშინ, თუმცა, დღესაც ვხედავთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, რომელიც არის ყველაზე მარტივი საკითხი, რაც შეიძლება მოქალაქისთვის არსებობდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ზუსტად იმდენივე უნდა იცოდეს არასამთავრობო სექტორზე, რამდენიც იცის საჯარო სექტორზე.
„თუ ადამიანი გათვითცნობიერებულია ამ თავისი არსით სრულად ქართული კანონის იდეაში, შეუძლებელია აპროტესტებდე იმას, რომ გქონდეს მეტი ინფორმაცია. საბედნიეროდ, ოპოზიციამ შარშანდელთან შედარებით ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების იმხელა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, როგორც მაშინ, თუმცა, დღესაც ვხედავთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, რომელიც არის ყველაზე მარტივი საკითხი, რაც შეიძლება მოქალაქისთვის არსებობდეს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რა გვინდა? გვინდა თუ არა ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში, ასეთები არიან ზუსტად არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ გვინდა ვიცოდეთ ნაკლები მათ შესახებ? რა თქმა უნდა, პასუხი არის ერთადერთი – ჩვენ გვინდა და გვაქვს უფლება ვიცოდეთ მეტი მათ შესახებ, ისევე, როგორც ვიცით მეტი საჯარო მოხელეების, საჯარო დაწესებულებების, მოსამართლეების შესახებ. ყველას შესახებ ვიცით უფრო მეტი, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. დღეს არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი ამ ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.