მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციურ კანონპროექტში არის პუნქტები, რომელიც არასრულწლოვანებს პოპულარიზაციის და პროპაგანდის მავნე შედეგებისგან იცავს
„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს დაემატება მესამე პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა“ უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის კანონით და რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. ეს არის დათქმა, ხიდი კონსტიტუციურ კანონთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში მხოლოდ ეს პატარა ჩანართი იქნება, ასევე იქნება კონსტიტუციური კანონი, რომელიც უშუალოდ, დეტალურად აღწერს რა პუნქტებს შეეხება ახალი ინიციატივა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი მხოლოდ ერთი მუხლისგან და 8 პუნქტისგან შედგება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პირველ პუნქტში გაწერილია, რომ კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
„ჩვენ ამით, კონსტიტუციაში ჩაწერილ დეფინიციას კიდევ უფრო ვამყარებთ. სამოქალაქო პარტნიორული ურთიერთობა აიკრძალება, რაც ქორწინებასთან იქნება მიმსგავსებული. შემთხვევით არ გვიწერია სიტყვები „გენეტიკური“. საუბარია მხოლოდ გენეტიკური მამაკაცისა და გენეტიკური ქალის ურთიერთობაზე. ჩვენ ვკრძალავთ ერთნაირსქესიანებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დადებასაც, რაც იქნება ქორწინებასთან მიმსგავსებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროექტის თანახმად, არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
„ამით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვანის უფლებას, რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთნაირსქესიანები ცხოვრობენ ერთად და არქმევენ ამას ქორწინებას. კანონის მიღების შემდეგ, შვილად აყვანა დაუშვებელი იქნება იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის თავისნაირი სქესის ადამიანთან პარტნიორ ურთიერთობაში“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ასევე აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
„საქართველოში სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ მანიპულაციას ადამიანი ვერ ჩაიტარებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
პროექტის თანახმად, ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
„ვერც დედის და ვერც მამის დაძახებას ვერავინ ვერასდროს აკრძალავს და ეს იქნება კონსტიტუციით გარანტირებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკანონმდებლო ინიციატივის 6-7-8 პუნქტებში აღნიშნულია: აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული; ასევე აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
„ეს სამი პუნქტია, რომელიც იცავს არასრულწლოვანებს პოპულარიზაციის და პროპაგანდის მავნე შედეგებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.