ლევან დავითაშვილი შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან აქტივების გადმოტანაზე: კანონი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება

“კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია”, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აქამდეც საქართველოს მთავრობამ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა მიმართულების წახალისების მიზნით საგადასახადო შეღავათის შემოღებას.

„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, რათა ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. ვფიქრობ, რომ კანონი აბსოლუტურად ადეკვატურია იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მსოფლიოში ტენდენციებია ასეთი, ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, კარგი შესაძლებლობებია, რომ ჩვენ მოვიზიდოთ ამ პირობებში ახალი დამატებითი ინვესტიციები და კაპიტალი ქვეყანაში,“ – აღნიშნა მინისტრმა.

„ჩვენ ვსვამთ კითხვას, როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად და საფინანსო ცენტრად, საფინანსო ჰაბად. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის დეპუტატებს ჰქონდათ, სრულ თანხვედრაშია იმ მიზანთან, რასაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და მეტი ინვესტიციები შემოვიდეს და ეს ყველაფერი ეხმარებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდა – განვითარებას,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში კაპიტალის მოძრაობა იძლევა იმის შეს`აძლებლობას, რომ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა ახალი ინვესტიციების მოზიდვა შეძლონ.

ლევან დავითაშვილმა ასევე დააანონსა ახალი გადასახადო შეღავათების შემოღების შესაძლებლობა.

„ვფიქრობთ, რომ მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები გვექნება. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს, რაც მერე შეიძლება გადაიზარდოს საკანონმდებლო ინიციატივებში, რომლებიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აქტივების გადმოტანის საკანონმდებლო ინიციატივების ლოგიკა და მოტივაცია საქართველოს ინტერესებშია.

 

ასევე იხილეთ