თეა წულუკიანი: ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და რომ ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება
“ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და რომ ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც მათ რაღაც არ მოსწონთ იმიტომ, რომ მათ პირად ინტერესს არ შეესაბამება, ყველაფერს და ყველას ნათლავენ „რუსულად“. მათ არ აქვთ რაიმე ხარისხის შემწყნარებლობა განსხვავებულ აზრთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ „პრორუსი“ იმიტომ, რომ ქართულ საქმეს აკეთებ.
მათთვის ყველაფერი ქართული არის მიუღებელი და აუცილებლად უნდა იდგე ცალ ფეხზე და ასკინკილით უჯერებდე ვიღაცის თავსმოხვეულ აზრებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და რომ ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენ-ჩვენი აზრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნება“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ატარებს.